თვითონაც ამბობდა მიშველეთ, მკლავენო - რას ჰყვებიან ხაშურში მშობიარობის დროს დაღუპული ქალის ახლობლები

18:18 10-15-2019
437

ხაშურში „ევექსის“ კლინიკაში მშობიარობის დროს დაღუპული 40 წლის ქალის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ.

ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი იხსენებს, თუ როგორი იყო ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ეუბნებოდნენ ექიმები, სანამ იგი დაიღუპებოდა.

„საკეისროს კვეთას ვითხოვდით, როცა დამძიმდა მდგომარეობა. თავადაც ამბობდა მიშველეთ, მკლავენო. თუ კლინიკაში არ შეეძლოთ დახმარება, სხვაგან გადავეყვანეთ. არაფერი არ მოუთხოვიათ. მთელი დღის განმავლობაში ექიმი არ გვინახავს. მთელი დღე მოვითხოვდით, რომ ვინმე დაგვლაპარაკებოდა.

გუშინ დილით 9-ის ნახევარზე შევიყვანეთ საავადმყოფოში. მთელი დღე გვეუბნებოდნენ, რომ კარგად იყო, დერეფანშიც არავინ გვიშვებდა, გარეთ ძაღლებივით ვეყარეთ. სოციალური დახმარება მოხსნილი ჰქონდა. წინა კვირასაც ვიყავით ექიმთან კონსულტაციაზე, მაგრამ საბუთები არ ჰქონდა და უკან გამოუშვეს“, - ამბობს გარდაცვლილი ქალის ახლობელი.

ოჯახი ქალის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. ისინი იმ ექიმის პასუხისმგებლობასაც ითხოვენ, რომელიც ქალს 9 თვის განამავლობაში მკურნალობდა. მათი თქმით, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა საშიში იყო, ამის შესახებ ექიმს თავიდანვე უნდა ეთქვა.

„მოვითხოვთ, რომ ხაშურის საავადმყოფო დაიხუროს, იმიტომ რომ ყასბები არიან. იგივე სხვასაც რომ არ დაემართოს, ეს კლინიკა უნდა დაიხუროს“, - აღნიშნავს ოჯახის ახლობელი.

ცნობისთვის, ხაშურში,  „ევექსის“ კლინიკაში მშობიარობის დროს 40 წლის ქალი დაიღუპა. კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაწყებულია.