Exclusive: ერეკლე კოდუას შვილი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

21:07 10-14-2019
1452

სოდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის, ერეკლე კოდუას შვილი, 21 წლის ნოდო კოდუა ავტოსპორტის ერთ-ერთ სახეობაში გუშინ საქართველოს ჩემპიონი გახდა. ის 2020 წელს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

„პრაიმტაიმს“ ნოდო კოდუამ ექსკლუზიურ ინტერვიუში განვლილ წლებზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ამბობს, რომ გამარჯვების ემოციებს ვერ აღწერს. გადამწყვეტი ევროპული შეჯიბრი კი მისთვის დიდი სტიმულია.

„გუშინ საქართველოს ჩემპიონატი დრიფტში მოვიგე, პროფესიონალებში 15 მონაწილე ვიყავით, ლიდერთა შორის ოთხნი ვიყავით და ბოლო, მე-4 ეტაპზე გამოვლინდა გამარჯვებული. პირველი ეტაპი 14 აპრილს დაიწყო და დასრულდა 13 ოქტომბერს. 2020 წელს საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატზე ვიასპარეზებ. იქ ძალიან დიდი კონკურენციაა. ჩვენთან ავტოსპორტის ამ განხრაში, დრიფტში შეჯიბრი 2014 წელს დაიწყო. 2016 წელს უკვე შედარებით განვითარებული იყო სპორტის ეს სახეობა.

ევროპის ჩემპიონატზე, რომელზეც მე მივდივარ მევლუდ მელაძე ასპარეზობდა, მაგრამ მას პრობლემები მანქანის გაუმართაობამ შეუქმნა.

პირველად, 2007 წელს, კარტინგებმა გამიტაცა, მერე წრიულმა რბოლამ, შემდეგ - აღმართის დაძლევამ. ამ ყველაფრის მერე იყო ფორმულა, ფორმულა ალფა და ლეგენდ ქარი. 1 წელია რაც დრიფტზე გადმოვედი, ჩემი პირველი სეზონია.

დიდი ხანია რაც ამ სპორტში ვიბრძვი, იყო პრობლემებიც, მაგრამ ჩემპიონობა ყველაზე მაგარი ემოციაა, აღუწერელი შეგრძნებაა. დიდი სტიმულია ევროპაში საქართველოს სახელით ასპარეზობა.

ამ სახიფათო სპორტში ოჯახის წევრების ნერვიულობა მისაღებ ფორმებში რჩება. ხელს არ მიშლიან, ყველა მგულშემატკივრობს. ავტომობილთან შიშის ფაქტორი მეც მქონია. ოღონდ ეს შიში შედეგებს უკავშირდება და არა საჭის მართვას“ - ამბობს ნოდო კოდუა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური