რატომ არ ამხილა აქამდე და როდის აპირებს თორნიკე მამალაძე „მამათმავალი ეპისკოპოსების“ მხილებას

16:22 10-14-2019
445

თუ წმინდა სინოდზე არ დამიბარებენ, სწორედ ამის შემდეგ ვამხელ მამათმავალ ეპისკოპოსებს, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა.

„მე სექტემბერი იმიტომ დავაანონსე, რომ სექტემბერში უნდა ყოფილიყო სინოდის სხდომა. წმინდა სინოდზე მოვინდომე დაბარება. თუ არ დამიბარებენ, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიტყვი საჯაროდ მამათმავალი ეპისკოპოსების ვინაობას. წმინდა სინოდს არ ატარებენ. იმედი მაქვს, სწორედ ამ სხდომაზე მოხდება ჩემი დაბარება“,- ამბობს მამალაძე.

მსჯავრდებულის ძმა ხვალინდელ აქციაზეც საუბრობს და ხალხს მხარდაწერისკენ მოუწოდებს.

„ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ვმართავთ აქციას, რადგან ის არის ჩემი ძმის დაპატიმრების ბრძანების გამცემი. მოსახლეობას და თავად ივანიშვილის, მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო რომ ის არის  ყველა იმ უბედურების ტავი და თავი რაც საქართველოში 2012 წლიდან ხდება. 

ყველა იმ ოჯახებს, ვინც ბიძინა ივანიშვილის მიერ არის განადგურებული, ყველას ვთხოვ, რომ შემომიერთდეს და ერთად დავამარცხოთ“, - უთხრა „პრაიმტაიმს“ თორნიკე მამალაძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. თავად დეკანოზის თქმით, მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.