იაპონელმა სტუდენტმა ცარიელი ფურცელი ჩააბარა და უმაღლესი ქულა მიიღო

11:59 10-11-2019
1996

იაპონელმა სტუდენტმა უხილავი მელნით დაწერილი ესესთვის უმაღლესი ქულა მიიღო. 

19 წლის ეიმი ჰაგას, რომელიც ნინძების ისტორიას სწავლობს, უნდა დაეწერა ესსე, რომელიც ეხებოდა ნინძების მუზეუმის, იგა-უენოში ვიზიტს, თუმცა თემის ნაცვლად, სტუდენტმა ლექტორს ცარიელი ფურცელი ჩააბარა. 

სინამდვილეში, ეს ესსე „აბურადისის“ ტექნიკით იყო შესრულებული. ამ ტექნიკას ნინძები საიდუმლო წერილების გადაცემისთვის იყენებდნენ. 

იაპონიაში უხილავი მელნის შესაქმნელად სხვადასხვა რეცეპტები არსებობს. ეიმი ჰაგამ მელანი უძველესი რეცეპტით, სოიოს მარცვლებისგან დაამზადა.

იმისათვის, რომ დაფარული ესსე გამოჩენილიყო, საჭირო იყო მისი შეთბობა. ეიმის ლექტორი იუჯი ამადა ამბობს, რომ არ სჯეროდა, რომ სტუდენტს ეს გამოუვიდოდა, მაგრამ როდესაც ფურცელი გამაცხელებელთან მიიტანა, სიტყვები მართლაც გამოჩნდა. 

დავალების მიმართ ორიგინალური მეთოდით მიდგომისთვის ეიმი ჰაგამ უმაღლესი 100 ქულა მიიღო.