ბოლო სამ თვეში, 13-მა აზარტულმა მოთამაშემ მოიკლა თავი - ყველაზე უმცროსი 14 წლის იყო

19:23 10-10-2019
367

დღეს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მოძრაობა „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ეხმაურება. მათი თქმით, ამ დამოკიდებულების შემდეგ, ივლისიდან ამ დრომდე 13 თვითმკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა. გარდაცვლილთა ასაკი 14 წლიდან იწყება, მათ შორის ყველაზე დიდი 31 წლის იყო.

„საზოგადოება ფიქრობს, რომ მოთამაშეები მხოლოდ დიდ ქალაქებში ცხოვრობენ. ეს მცდარი წარმოდგენაა. საგანგაშო მდგომარეობაა კახეთსა და იმერეთში. რამდენიმე დღის წინ ზრდასრულმა მამაკაცმა საკუთარ ოჯახს მთელი ფული მოპარა და წააგო. ამ თანხით ოჯახს მთელი წელი თავი უნდა ერჩინა... ყველა სუიციდის ფაქტი ბუნდოვანი რჩება, რადგან ძიება 115-ე მუხლით იწყება, მაგრამ არ საჯაროვდება ინფორმაცია, თვითმკვლელობამდე მიყვანის რეალური მიზეზების შესახებ. ქვეყანაში სერიოზული მკვლელი კაზინოს სახით დადის, ძალიან საშიშია რეკლამა, განსაკუთრებით მოზარდებისთვის და ჩვენს ქვეყანაში, ამის გამო, უკვე 14 წლის თვითმკვლელი გვყავს. ამაზე დუმილი დანაშაულია“- ამბობს თამარ ჯაფარიძე.

მისი თქმით, მდგრადი განვითარების სამინისტრომ აზარტული თამაშების ანიმაციური რეკლამის დაბლოკვის მიზნით, ინგლისში 450 კომპანიას მიმართა, რადგან ასობით თინეიჯერი იყო აზარტულ თამაშებში ჩართული.