საქართველოს პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის შედეგია, რომ ხვალიდან დავით გარეჯი გაიხსნება - ზალკალიანი

12:06 10-10-2019
1

აზერბაიჯანსი გამართულ შეხვედრაზე დავით გარეჯის თემა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და  ის რომ ჩვენ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგით დავბრუნდით,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში წარმოქმნილი დაბრკოლებები  მოიხსნა, რაც სწორედ აღნიშული შეხვედრის შედეგია.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწევთ წინ, გამომდინარე იქიდან , რომ პრობლემა არის ძალიან მგრძნობიარე, საბჭოთა პერიოდიდან გვერგო უმძიმესი მემკვიდრეობა, რომლის გადაწყვეტაც ასე სწრაფად ვერ მოხდება, ამიტომ მთავარია, რომ ის არსებული დაბრკოლებები რომელიც ბოლო პერიოდში წარმოიშვა დაუყოვნებლივ მოვხსნათ და კარგია, რომ სწორედ ამ შეხვედრის შედეგად მივაღწიეთ ამას“-აღნიშნა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, პარალელურად გაგრძელდება მუშაობა სადემილიტაციო  კომისიის ფარგლებში.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთობლივად მივაღწევთ იმას, რომ საკითხი მოგვარდეს ორივე მხარისთვის მისაღებ ფორმებში, ჩვენი სტრატეგიული  პარტნიორობის ინტერესებიდან გამომდინარე“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, შეხვედრებზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და  გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ეკონომიკური თანამშრომლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტის განვითარება და ინვესტიციები იყო ასევე ის ძირითადი თემები, რომლებზეც  შეხვედრებზე გამახვილდა ყურადღება.

მისივე ინფორმაციით, აზერბაიჯანში ვიზიტის შედეგად  დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა ნოემბერში გაიმართება.

დღეს, საქართველოს პრემირმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები ხვალიდან გაიხსნება.