გაბათილდება თუ არა თადუმაძის გადაწყვეტილებები, თუ მისი დიპლომი ყალბია

19:30 10-09-2019
168

გაბათილდება თუ არა თადუმაძის გადაწყვეტილებები, თუ მისი დიპლომი ყალბი აღმოჩნდება? ამ შეკითხვით კონსტიტუციონალისტს - ვახტანგ ძაბირაძეს მივმართეთ და შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებულ სკანდალზე კომენტარი ვთხოვეთ:

- ძალიან რთული საკითხია. თუ თადუმაძის დიპლომი ყალბი აღმოჩნდება, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ იქნება შესაბამისობაში სამართლიან გადაწყვეტილებასთან. თუმცა, მეეჭვება, დიპლომი ყალბი აღმოჩნდეს. დიდი ხანია, ეს თემა ტრიალებს, ასეთი პაექრობა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, პირველი არ არის. ცუდი ისაა, რომ თადუმაძისადმი ნდობაა საკმაოდ შერყეული და ის ვერ იქნება მართლმსაჯულების მეტრი, ყველაზე რბილი შეფასება რომ გავაკეთოთ. არ მგონია, ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიაროს, რომ მისი დიპლომი ყალბია ან არ არის ყალბი.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელია  ასეთ მაღალ თანამდებობებზე მყოფ ადამიანებს სახელმწიფო სასწავლებლის დიპლომი ჰქონდეთ?

- სახელმწიფო დიპლომი კი არა, ის არის აუცილებელი, რომ ასეთ თანამდებობებზე მყოფ ადამიანებს უმწიკვლო რეპუტაცია ჰქონდეთ. ეს არის უმთავრესი. სწორედ ამას მიადგა ჩრდილი, სწორედ აქ გაჩნდა კითხვის ნიშნები, თორემ დანარჩენი, უკვე სხვა თემებია. გინდა, სახელმწიფო დიპლომი ჰქონდეს ადამიანს და გინდაც, 10 უცხოური დიპლომი, თუ მას საზოგადოებაში წესიერი, მაღალი ზნეობისა და ღირებულებების მატარებელი ადამიანის სახელი არ აქვს, რა აზრი აქვს? ისეთ თანამდებობაზე, რასაც გენერალური პროკურორი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჰქვია, არ შეიძლება იყოს სხვანაირი პიროვნება, თუ გვინდა, რომ ოდესმე გამოვიდეთ ამ ქაოსიდან და ორომტრიალიდან, წესიერ ქვეყნად დავლაგდეთ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უნდა იყოს ორიენტირი, იურიდიული ფაკულტეტის ნებისმიერი სტუდენტისთვის, საზოგადოებისთვის. მოსამართლეა ის! ეუბნებიან, რომ თუ ბიძინა ივანიშვილთან არ იქნებოდი, ვერ მოხვდებოდიო და როგორ გინდა თქვა, არაო? ვერ მოხვდებოდა! ამ დროს, როცა სასამართლოზეა ლაპარაკი, ეს უკვე პრობლემატურია. მნიშვნელობა განა იმას აქვს, ქაღალდზე ხარ თუ არა პარტიის წევრი. ზოგჯერ, უპარტიოები მეტ უბედურებას მართებენ ქვეყანას, ვიდრე - პარტიის წევრები.

- თქვენი აზრით, ამ ამბის მერე, როგორ უნდა მოიქცეს?

- ძალიან მშვენივრად გავა, უმრავლესობის მხარდაჭერას მიიღებს.

თადუმაძემ დღეს განაცხადა, რომ არ აქვს გადაწყვეტილი სად გააგრძელებს საქმიანობას, თუ პარლამენტი მის ანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

შალვა თადუმაძის მოსმენა პარლამენტში 10:00 საათზე დაიწყო. მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტთან ჟურნალისტები დახვდნენ და დიპლომის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე განმარტება მოსთხოვეს.

თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხოლოდ პარლამენტში უპასუხებდა კითხვებს და დიპლომთან დაკავშირებული საკითხიც განმარტა.

მანამდე თინა ბოკუჩავამ პარლამენტში დოკუმენტი მიიტანა და ამტკიცებდა, რომ თადუმაძის დიპლომი ყალბია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე დაინტერესდა, რომელ სახინკლეში დადიოდა თადუმაძე სტუდენტობის დროს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია დაინტერესდა, მოვიდა თუ არა შალვა თადუმაძე გასაუბრებაზე ნამეცადინები. და ამასთან, სამი კურსელის დასახელება მოსთხოვა.

ავტორი: თამთა დადეშელი