ამერიკული თბილისობა - „დღეს ბრუკლინში ძგერს თბილისის გული“

16:28 10-09-2019
398

6 ოქტომბერს ამერიკაში „თბილისობა“ აღინიშნა. „პრაიმტაიმი“ უკვე მეორე წელია ექსკლუზიურად აშუქებს ამ დღეს ნიუ იორკიდან. მესამე წელია ღონისძიებას ორგანიზებას უწევს ქართული კულტურის ცენტრის „ფესვების“ დამფუძნებელი ივანე გოდერძიშვილი, რომელსაც ღონისძიების დაწყებამდე გავსეაუბრეთ.

ივანე გოდერძიშვილი: - ემოციური და იმედის მომცემია განწყობა, რადგან ყოველ წელს უფრო მეტი დამსწრე ჰყავს ჩვენს ღონისძიებას. დღეიდან უკვე მომავალი თბილისობის დაგეგმვას ვიწყებთ სულ სხვა ჟანრში და სულ სხვა სიმაღლეზე. მაგარი დღე გამოდის. ქართულ კერძებს აგემოვნებენ ჩვენი უცხოელი სტუმრები, ქართველი მხატვრების, ქართული ხელნაკეთი ნივღების გამოფენა გვაქვს, ქართველები ერთმანეთს ეფერებიან, ბავშვები რომლებიც ამერიკაში არიან დაბადებულები, ჩოხებით ცეკვავენ ქართულ ტრადიციულ ცეკვებს, ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს.

შუაგულ ბრუკლინში ქართული სიმღერისა და ქართული ცეკვის ფეხის ხმა ისმის... ასე რომ გილოცავთ ჩემო ქართველებო დღევანდელ დღეს საქართველოშიც და ამერიკაშიც. თბილისობა არ ნიშნავს თბილისელობას. თბილისი დედაა ჩვენი ქვეყნის. ყველასთვის თბილისში ძგერს ქართული გული. დღეს ბრუკლინში ძგერს თბილისის გული. ალბათ ყველა სახელმწიფოს დედაქალაქვს აქვს თავისი ფუნქცია მსოფლიოსთვის. თბილისს გულის ფუნქცია აქვს, მთელი მსოფლიოს წინაშე და ღვთისწყალობით ფეთქავს ეს გული და მისი გულის ცემა აქამდე ჩამოდის. 41 წელია არ მინახავს ჩემი თბილისი... გაბრწყინებული მინდა ვნახო, გალაღებული, გაღიმებული.

საზეიმო კონცერტს უძღვებოდნენ ნინი წიკლაური და ვალერი მოზაიძე. ღონისძიების საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ: გენერალური კონსული -დიანა ჟღენტი, მეუფე საბა - ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, ვილიამ კოლტონი - ბრუკლინის პრეზიდენტი. მუსიკალური ნომრებით გაგვანებივრეს: ნინი შერმადინმა, ნინი წიკლაურმა, გოგიტა გოგიძემ, ვლად არამოვმა, ვასო და ანა კოლხიდაშვილებმა, დავით ამბროსიძემ, ბექა გოგინაშვილმა, ნინო ჩაჩუამ.

სცენაზე ვიხილეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლები: „ფესვები“, წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსაბმლი, „დენსინგ ქრეინის“ კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი - „ლოსთ ლეჯენდ“. ღონისძიების მუსიკალური ხემძღვანელი ირაკლი ბეგლარაშვილი გახლდათ. სოლო ნომერი შემოგვთავაზა მუსიკოსმა, გია ფეიქრიშვილმა.

ნინი შერმადინი (მომღერალი): - ძალიან სასიამოვნოა როცა უცხო ქვეყანაში, უცხო მიწა-წყალზე შენი დედაქალაქის დღეს აღნიშნავენ. აქ არის ქართველების შეხვედრის მთავარი პლაცდარმი. ამიტომ ყოველთვის როცა აქ ვარ ვცდილობ მოვიდე, მოვეფერო ჩემს ქართვეელებს, სიმღერა ვუმღერო. აქ ცხოვრების ისეთი რიტმია, შეიძლება თვეების განმავლობაში ვერ შეხვდე მეგობრებს, ეს დღე საუკეთესო საშუალებაა ქართველების შეკრების, ქართული ხელოვნების ზიარების. ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ბატონი ვანო, რომ ქართულ ადათ-წესებს არ ივიწყებს და ბავშვებს რომლებიც არც კი ყოფილან თავიანთ სამშობლოში ქართულ კულტურას აზიარებს. ამერიკელ ქარველ ბავშვებში ქართულ სულს აღვიძებს.

მაშო მელქაძე (მსახიობი): - ამერიკული თბილისობა გავს თბილისურს, იგივე პრიორიტეტებია აქაც რაც საქართველოში: ტრადიციული ქართული კერძები, ტრადიციული ცეკვა-სიმღერა, ხალხმრავლობა, გამოფენები, ზეიმი, სეირნობა და მხიარულება. ყოველ წელს პატარა საქართველო იკრიბება აქ და ერთმანეთს ეფერება ხალხი. ეს ის დღეა, როცა ყველა ( თუ ჩემსავით უსაქმური არ არის) თავს უფლებას აძლევს დაისვენოს რომ დიდი ხნის უნახავი მეგობრები, ნაცნობები, ნათესავები ნახოს.

გია ჯაჯანიძე (ტელეწამყვანი): - მესამე წელია თბილისობას ამერიკაში ემიგრანტებთან ვხვდები. ხშირად ვამბობ ხოლმე რომ უმიზეზოდ ბედნიერი ვარ-მეთქი და დღეს ბედნიერების მიზეზი მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირთ ემიგრანტებს, ძალიან ბევრს შრომობენ და მუდმივი ნოსტალგია აქვთ თავისი ქვეყნის, დღეს ყველა ბედნიერია და ეს მახარებს.

- გია, ალეკ ბოლდუინს შეხვდი, მართლა დააგვიანე ინტერვიუზე?

- კი, მაგრამ ხუთი წუთით მაინც მივასწარი, ამიტომ ბოდიში მან მოიხადა და მე ისეთი სახე მივიღე, თითქოს დიდ ხანს ველოდი (იცინის). კარგი ინტერვიუ გამოგვივიდა. რაზე ვისაუბრეთ ამას ჩემს მაყურებელს შევუნახავ. მაგრამ არავინ იფიქროს, რომ რომელიმე ჩემს ქართველ ემიგრანტზე მაღლა დავაყენო ბოლდუინთან შეხვედრა. ჩემი ქართველები ყველას მირჩევნია, იმდენი ქართველი რესპონდენტი ჩავწერე ამერიკაში, ერთი სული მაქვს როდის გავახარებ ჩემს მაყურებელს. უბრალოდ ამ ინტერვიუთი მე ჰოლივუდზე გზა გავჭერი.

ლელა ნინუა (პოეტი): - თბილისი იყო და არის ურთიერთობა. დღეს ეს ურთიაერთობა აქ არის. ურთიერთობა, რომელიც უძლებს წლებს, ღირებულებებს არ ივიწყებს, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული. 

„მანძილს შორეულს და სევდიანს, 

წამებს ვერდატეულს უშენოდ,

გრძნობას გრძნეულსა და თან მზიანს, 

მონატრებას როგორ ვუშველო? 

ვივლი შენი სუნთქვის იმედად, 

მალე დამიდგება ივლისი, 

მინდა მთელ სამყაროს გავაცნო, 

ჩემი სალოცავი თბილისი.“

დავით ღვინიანიძე (მომღერალი): - თბილისობის ტრადიციას აქაც ვაგრძელებთ ხელოვანები. გამონაკლისი არც მე ვარ. სადაც ჩემი ქართველობა იკრიბება და მეც მიწვევენ, უარს არასდროს ვამბობ. ჩემს ქართველ მსმენელთან ერთად ვზეიმობთ შემოდგომის ფესტივალს. ჩემთვის თბილისობა ასოცირდება ტივებზე ამაყად და ლაღად მოსეირნე ყარაჩოღელებთან, კინტოებთან, ქართულ მრავალხმოვანებასთან, თბილისობა ასევე უდიდესი სიყვარულია ტრადიციების მიმართ, პატივისცემაა წინაპრების რომლებმაც დღემდე შემოგვინახეს ღირებულებები. რამდენიმე დღის წინ უდიდეს ხელოვანს გამოვეთხოვეთ, ის ეკუთვნის სრულიად სამყაროს თავისი სიდიადით, ჩემი დღევანდელი გამოსვლაც სწორედ მას, გია ყანჩელის შემოქმედებას მივუძღვენი.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი

ფოტო: გიორგი ბუდაგოვი

სპეციალურად „პრაიმტაიმისთვის“ ნიუ იორკიდან