ისტორიულ ოპერაციაზე, 27 წლის სტომატოლოგმა ავადმყოფს სახეზე დაკეცილი პირსახოცი დააფარა - როგორ გაჩნდა პროფესია ანესთეზიოლოგია

13:53 10-09-2019

„ჯენტლმენებო, ეს არ გახლავთ ტყუილი!“

1846 წლის, 16 ოქტომბერი. ქალაქ ბოსტონში, მასაჩუსეტსის ჰოსპიტალში, ცნობილი ამერიკელი ქირურგი კოლინზ უორენი მორიგი ოპერაციისთვის ემზადება. სწორედ ეს, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული ოპერაცია მსოფლიო ქირურგიის ისტორიაში შევიდა...

ისტორიულ ოპერაციაზე, ოცდაშვიდი წლის კბილის ექიმმა უილიამ თომას გრეი მორტონმა ავადმყოფს დაკეცილი პირსახოცი სახეზე დააფარა, ჯიბიდან წამლიანი შუშა ამოიღო და მასში მოთავსებული სითხე პირსახოცზე წვეთ-წვეთად დაასხა. რამდენიმე წუთში პაციენტი ჩაწყნარდა და ღრმა ძილს მიეცა... ოპერაციის დასრულების შემდეგ პაციენტმა მას შემდეგ გაიღვიძა, რაც მორტონმა სახეზე აფარებული, სითხით გაჟღენთილი პირსახოცი მოაშორა. ოპერაციის დასრულების შემდეგ, გაოცების სიჩუმემ რამდენიმე წამს გასტანა... შემდეგ პროფესორმა უორენმა აღელვებული ხმით საზეიმოდ წარმოთქვა: „ჯენტლმენებო, ეს არ გახლავთ ტყუილი!” დამსწრე ექიმები კი მიხვდნენ - მათ თვალწინ ჩატარდა ოპერაცია, რომლითაც ქირურგიაში ახალი ერა დაიწყო. ანესთეზიოლოგია - ესაა მეცნიერება გაუტკივარების მეთოდებისა და საშუალებების შესახებ. 16 ოქტომბერს, იმ დღეს, როდესაც თომას მორტონმა პირველი წარმატებული ნარკოზი განახორციელა, ანესთეზიოლოგის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

გათიშე და იბატონე

თუმცა, ზოგიერთი საშუალება, რომელსაც ავადმყოფის ტანჯვის შემსუბუქება შეეძლო, ჯერ კიდევ ძველთაგან იყო ცნობილი. მაგალითად, შემონახულია ძველეგვიპტური მანუსკრიპტი - ,,ებერსის დიდი სამედიცინო პაპირუსი” (ჩვ. წ.-მდე 1500 წელი), რომელშიც ოპიუმისა და მანდრაგორას ნახარშების ტკივილგამაყუჩებელი ეფექტია აღწერილი. ინდოეთსა და ჩინეთში ოპიუმი დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ცნობილი, სამაგიეროდ, იქ, მარიხუანას (ინდური კანაფი - ჩანნაბის ინდიცა) საუცხოო თვისებები აღმოაჩინეს. ,,აიურ-ვედას” თანახმად, დიდი ინდოელი ქირურგი სუშრუტა (ძ. წ. მე-4 ს.) ოპერაციის ჩატარებისას  ავადმყოფებს, საანესთეზიოდ, ღვინისა და მარიხუანას ფხვნილის ნარევს აძლევდა. ანალოგიურად, ჩინელი ექიმი ხუა ტო (141-208 წელი) გაუტკივარებას ჰაშიშისა და ღვინის ხსნარით იწვევდა.

ჩამოთვლილი ნივთიერებებით გამოწვეული გაუტკივარება ოპერაციის  ჩასატარებლად საკმარისი არ იყო, რის გამოც საბოლოო გათიშვისთვის სხვადასხვა სასტიკ მეთოდს მიმართავდნენ. მიდგომა ასეთი იყო: „კატას, რომელსაც კბილები სტკივა, კუდზე დააბიჯეთ და ის უკეთესობას იგრძნობს” (ა.პ.ჩეხოვი).  ეგვიპტესა და ასურეთში წინადაცვეთის დროს საძილე არტერიების გადაჭერის ხერხს იყენებდნენ - ავადმყოფს კისერზე მარყუჟს აცვამდნენ და იმდენ ხანს უჭერდნენ, სანამ ის გონს არ დაკარგავდა, თუ პაციენტი ფხიზლდებოდა, მარყუჟს კვლავ უჭერდნენ. სწორედ ამის გამო, კისრის არტერიებს ,,საძილე არტერიები” ეწოდა. ფართოდ გამოიყენებოდა ისეთი ,,უნივერსალური” მეთოდიც, როგორიცაა, სისხლის გამოშვება იქამდე, სანამ ავადმყოფს გული არ წაუვიდოდა. ლონდონის საავადმყოფოებში სპეციალური ზარიც კი ეკიდა, რომლის რეკვით ქირურგიული პაციენტის ყვირილს ახშობდნენ.

ცნობილია, ძველი ბერძენი ექიმი და ფილოსოფოსი დიოსკორიდი, რომელიც რომის ჯართან ერთად მოგზაურობდა და სამედიცინო პრაქტიკას ეწეოდა ნერონის იმპერატორობის დროს. მისი დაკვირვებით, დამამშვიდებელი საშუალებების გამოყენებისას, ოპერაცია უფრო წარმატებული იყო, რაც ზრდიდა დაჭრილი ჯარისკაცების გადარჩენის შანსებს. სწორედ მან გამოიყენა პირველმა, ტერმინი, ანესთეზია.

მიუხედავად იმისა, რომ მე-12 საუკუნეში ბოლონიის უნივერსიტეტში გაუტკივარების საშუალებების სია თითქმის 150 რეცეპტს ითვლიდა, საყოველთაოდ გავრცელებული ხერხი საკმაოდ მარტივი და ბანალურიც კი გახლდათ: ოპერაციის დაწყებამდე პაციენტს, თავში ხის ჩაქუჩს ურტყამდნენ, ავადმყოფი უგონო მდგომარეობაში ვარდებოდა და ქირურგის მტკივნეულ მანიპულაციებს ვეღარ გრძნობდა.

ანესთეზიოლოგიის პროფესიულ დაავადებას ექიმები სულ რამდენიმე სიტყვით ხსნიან: სტრესი, ნერვული აშლილობა და ადრეული პროფესიული გამოფიტვა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი