პატიმრობა და საკრებულოს მანდატის ჩამორთმევა - თამთა თოდაძე ორ მოთხოვნას ასახელებს

13:50 10-09-2019

თამთა თოდაძემ თბილისის მთავარი სამმართველო დატოვა. იგი ჯიშკარიანის პატიმრობას და საკრებულოს მანდატის დატოვებას ითხოვს.

„გავეცანი საქმის მასალებს. ნამდვილად ვიტყვი, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებულია დიდი საგამოძიებო მოქმედებები. მე არ მეშინია სიმართლის დამტკიცება და ამ მასალებით არ გამიჭირდება. ჩემი მთავარი მოთხოვნაა, რომ პატიმრობა შეეფარდოს და შეუწყდეს საკრებულოს მანდატი. ძალიან დიდია იმისი შანსი, რომ მოწმეებზე მოხდეს ზეგავლენა, რადგან მას აქვს თანამდებობა“, - განაცხადა თამთა თოდაძემ.

ამასთან, თოდაძის ადვოკატი აღნიშნავს, რომ მასალებით ნამდვილად დასტურდება ძალადობის ფაქტი.

„გავეცანი სისხლის სამართლის მასალებს, საკმაოდ მოცულობითი მტკიცებულებები არის მოპოვებული პროკურატურის მიერ. გამოკითხული არის ძალიან ბევრი მოწმე. მასალებით ნამდვილად დასტურდება, რომ თამთა თოდაძის მიმართ განხორციელდა ეს ფაქტი. დანარჩენ დეტალებზე ვერ გესაუბრებით, რადგან  გაუთქმელობის აქტს მოვაწერეთ ხელი“, - განაცხადა თამთა თოდაძის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი გუშინ წარუდგინა. მას დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.