სად გააგრძელებს თადუმაძე მუშაობას, თუ პარლამენტი მის კანდიდატურას ჩააგდებს

12:29 10-09-2019
37

„სად გააგრძელებთ საქმიანობას, თუ პარლამენტი თქვენს კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს“,- ამ კითხვით დეპუტატმა ნინო გოგუაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს მიმართა.

„ძალიან საინტერესო კითხვაა და ალბათ, საფიქრალიც გამიჩნდება. მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ერთი და იგივე კატეგორიის პროფესიონალიზმია მოსამართლის სტატუსი და გენერალური პროკურორი, თუმცა ჩემს დღევანდელ თანამდებობას არ ვაკნინებ. ყველა იურისტისთვის ცნობილია, რომ მოსამართლე არის უმაღლესი სტატუსი. ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც არ აკმაყოფილებს გენერალური პროკურორის შუამდგომლობას, ეს მოსამართლის აღმატებულებაზე მიუთითებს ცალსახად. არ ვფიქრობ, რომ გენერალური პროკურორობა აპრიორი მოსამართლეობის სტანდარტია.

თუმცა, ლეგიტიმაციის საკითხში საფიქრალი გამიჩნდება. ჯერ არ მაქვს მოფიქრებული“, - განაცხადა თადუმაძემ.

დღესვე, თადუმაძემ აღნიშნა, რომ პროკურორობაზე მეტად ადვოკატობა მოსწონს.

შალვა თადუმაძის მოსმენა პარლამენტში 10:00 საათზე დაიწყო. მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტთან ჟურნალისტები დახვდნენ და დიპლომის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე განმარტება მოსთხოვეს.

თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხოლოდ პარლამენტში უპასუხებდა კითხვებს და დიპლომთან დაკავშირებული საკითხიც განმარტა.

მანამდე თინა ბოკუჩავამ პარლამენტში დოკუმენტი მიიტანა და ამტკიცებდა, რომ თადუმაძის დიპლომი ყალბია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე დაინტერესდა, რომელ სახინკლეში დადიოდა თადუმაძე სტუდენტობის დროს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია დაინტერესდა, მოვიდა თუ არა შალვა თადუმაძე გასაუბრებაზე ნამეცადინები. და ამასთან, სამი კურსელის დასახელება მოსთხოვა.

სხდომაზე დასწრებას ითხოვდა მალხაზ მაჩალიკაშვილი. ის ამტკიცებდა, რომ უნდოდა თადუმაძისთვის თვალებში ჩაეხედა და ეკითხა, „რატომ ატყუებს ხალხს“.

მაჩალიკაშვილი შენობაში თინა ბოკუჩავამ შეიყვანა, თუმცა პროტესტის ნიშნად 15 წუთში პარლამენტის შენობა დატოვა.