თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)

22:46 09-14-2019
911

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ტელეფონით გადაღებული ვიდეომასალა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ჯგუფებში გააზიარეს.

კადრებში ჩანს თუ როგორ მიაყენეს კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა 1992-93 წლებში აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებში მონაწილეობის გამო.

ინციდენტი მოსკოვში, სავარაუდოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა.

კიტოვანი საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1992-1993 წლებში იყო. ის მონაწილეობდა პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ მოწყობილ გადატრიალებაში და შემდეგ ქვეყანაში დაწყებულ სამოქალაქო ომში. ასევე მონაწილეობდა აფხაზეთის ომში.

1996 წლის ოქტომბერში თენგიზ კიტოვანი დააკავეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით და 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 1999 წელს ის შევარდნაძემ შეიწყალა. 2000-იან წლებში კიტოვანი მოსკოვში ცხოვრობდა. საქართველოში ის 2012 წელს დაბრუნდა.