ილია სულამანიძე და ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონები გახდნენ - ძიუდო

19:25 09-14-2019
109

ილია სულამანიძე და ლაშა ბექაური ფინეთის ქალაქ ვანტააში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.

100 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ილია სულამანიძემ უკრაინელ იევჰენ ვეჰერას მოუგო, ხოლო 90 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ლაშა ბექაურმა უნგრელ როლანდ გოზს სძლია. ამავე წონით კატეგორიაში, მიხეილ ბექაურმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მიხეილ ბექაურმა რუსი მანსურ ლორსანოვის დამარცხება შეძლო.

საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრებმა ხუთ წონით კატეგორიაში იასპარეზეს და ყველა წონაში ოქროს მედლები მოიპოვეს.

ევროპის ყველა ჩემპიონი ძიუდოს ფედერაციის პროგრამის „გამოწვევა 2020“-ის მონაწილეა, რომლის ხელმძღვანელია დავით ქევხიშვილი, ხოლო მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანია.

ფინეთში ევროპის ჩემპიონები:- გიორგი თუთაშვილი (-66კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ლაშა ბექაური (-90კგ), ილია სულამანიძე (-100კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ) გახდნენ. კიდევ ერთი ოქროს მედალი საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, რომელიც ქართული ძიუდოს ისტორიაში ახალგაზრდებს შორის ევროპის პირველი ჩემპიონი ქალი ძიუდოისტია.

ვერცხლის მედალი 81კგ-ში ვლადიმერ ახალკაცმა დაისაკუთრა. ხოლო ბრინჯაოს მედალოსნები მარიამ ჭანტურია (-70კგ) და მიხეილ ბექაური (-90კგ) არიან.