Excluisve: მანჩო გიორგობიანს შვილის გარდაცვალებამდე 24 საათით ადრე ტყეში ხილვა ჰქონდა 

13:24 09-14-2019
63696

13 სექტემბერს ერთი ღიმილიანი და ნათელი ბიჭის დაბადების დღეა. თუმცა უკვე სამი წელია მის გარეშე ხვდებიან ამ დღეს. სანდრო ქოიავას ცხოვრებაში რამდენიმე საბედისწერო დამთხვევა იყო. 13 რიცხვში დაბადებული 13-ში გარდაიცვალა, პირველი შეყვარებულის დაბადების დღეს და ზუსტად იმ ასაკში, რა ასაკშიც მშობლების ტრაგიკულად გარდაცვლილი მეგობარი - სანდრო შავდია, ვისი სახელიც დაარქვეს... ამ დამთხვევებზე „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად უყვება სანდროს დედა, მანჩო გიორგობიანი, პირველად, ამ ტრაგედიის შემდეგ სამი წლის თავზე.

ეს არის ისტორია, რომელიც გარედან ფილმის სიუჟეტს გავს. და კიდევ ერთხელ იცით, ალბათ, რაში დარწმუნდებით? დედა-შვილობის მარადისობაში... მის უწყვეტ კავშირსა და მუდმივობაში.

ბრძოლა თავთან

მანჩო გიორგობიანი: - სამი წელია ჩემს თავს ვებრძვი, რომ თავი არ მოვიკლა. ეს ყველაზე ადვილია და სუსტი ადამიანის საქციელია. ეს არის ამ არაადამიანური ტკივილისგან და დარდისგან გაქცევა. მე მაქვს პასუხისმგებლობა დისშვილების, დედაჩემის მიმართ. მომაკვდავმა დამ თავისი ორი ბიჭი მე ჩამაბარა. პირველ რიგში მხოლოდ ამიტომ არ მქონდა ამის ჩადენის უფლება... თორემ თავის მოკვლა ყველაზე დიდი კომფორტი იქნებოდა ჩემთვის. ვიღვიძებ ჯოჯოხეთში, ვიძინებ ჯოჯოხეთში. დღემდე მუდმივ ბრძოლაში ვარ, რომ ეს არ გავაკეთო.

სახელს დაემთხვა ბედისწერაც...

სანდრო რომ გააჩინა, მანჩო 23 წლის იყო. ხუთი საათის დასაწყისში დაბადებულ შავტუხა, ლამაზ შვილს მშობლებმა გარდაცვლილი მეგობრის სახელი დაარქვეს.

მანჩო: - ჩემი სანდრო რომ დაიბადა, სანდრო შავდია ახალი გარდაცვლილი იყო. ტრაგიკულად დაიღუპა. იარაღით თამაშობდა, ეგონა, მასრაში ტყვია არ იდო, მაგრამ გაუვარდა და თავში მოხვდა. ჩვენი სამეგობროს სულის ჩამდგმელი და მამოძრავებელი იყო. ძალიან დიდი დარტყმა იყო სანდროს გარდაცვალება... საბედისწერო დამთხვევაა. სანდრო შავდია რომ გარდაიცვალა, თვენახევარში ხდებოდა 22 წლის და ჩემი სანდროც ზუსტად  ამ ასაკში წავიდა...

 

დედობა არც მაცადეს. არაჩვეულებრივი დედამთილ-მამამთილი მყავდა, დედ-მამასავით. მესამე შვილივით გაზარდეს სანდრო. შევიდოდი ოთახში, რომ დამეძინებინა და სანდროს საწოლი ბებია-ბაბუას ოთახში გადადგმული მხვდებოდა. პირველი შვილიშვილი იყო ჩემი მშობლებისთვისაც. პრინცი იყო ყველგან, სამეგობროშიც პირველი შვილი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სანდრო ამ გათამამებას იფერებდა. იყო ძალიან ზრდილობიანი, ხალისიანი, კარგი იუმორის მქონე, სასაცილოდ მამაკაცური... სამი წლის იყო ტაქსიში რომ გამოაცხადა, ახლა ფულს მე ვიხდიო, დედაჩემთან და მის მეგობრებთან. ენის მოჩლექით არასდროს ველაპარაკებოდი. დიდივით ვეკონტაქტებოდი. (მეგრელებს ხომ მათემატიკური ტვინი აქვთ) 3 წლის ასაკში უკვე ასამდე და მალევე, ათასამდე ითვლიდა. ყველაფერში ნიჭიერი იყო... ჭადრაკში, 9 წლისას უკვე თანრიგი ჰქონდა.. ისეთი სასაცილო და საყვარელი ბავშვი იყო, ყველა გამოტაცებაზე იყო. მე და მამამისმა ვკითხეთ, ვინ უფრო გიყვარსო - ჩამოთვალა ბებიები, ბაბუები, ბებიას და და მისი ქმარი, დეიდები, ბიძები, ჩვენი მეგობრები ... მე და ბაჩი აღმოვჩნდით მეთერთმეტე-მეთორმეტე ადგილზე. მერე ნელ-ნელა გადმოვინაცვლეთ წინა რიგებში. ბიძამისი გოგა გვერდიდან არ იშორებდა. რამდენიმე თვის წინ სანდროს დარდმა შეიწირა კიდეც, გულმა ვერ გაუძლო ...

პირველი სიყვარული

7-8 წლის იყო პირველი სიყვარული რომ ეწვია. კლასელი შეუყვარდა. ესეც უცნაური ამბავია, საბედისწერო.

 „ბაია დოლაბერიძე შეუყვარდა, შავგრემანი, თმახუჭუჭა, ულამაზესი ბაიკო. მერე რომ გაიზარდნენ, უახლოესი მეგობრები იყვნენ. ჩემი შვილის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე დაიღუპა ბაიკო, ავტო- კატასტროფას ემსხვერპლა. 13 ივლისს არის ბაიას დაბადების და სანდროს გარდაცვალების დღე. პირველივე დაბადების დღეზე მარტო არ დატოვა თავისი ბავშვობის სიყვარული და ახლო მეგობარი...“

სიყვარულში გაუმართლა

სანდროს ცხოვრებაში იყო სერიოზული გრძნობა და სიყვარული. მაგრამ იშვიათი და ლამაზი წყვილის შემთხვევაში როგორც ხდება ხოლმე, ათასი თვალი, ბოროტი ენები, უხეში ჩარევები... მოკლედ, ესენიც პატარები იყვნენ და ვერ გაუძლეს, სანდრო და ანიტა ჩუბინიშვილი დაშორდნენ...

 

„ანიტა შვილივით მიყვარს. ყველაზე მაგარი გოგოა. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს შვილს გაუმართლა, მოასწრო და ცხოვრებაში ნამდვილი დიდი სიყვარული ჰქონდა...“

გაცილება პირველად და უკანასკნელად

სანდრო ამერიკაში სწავლობდა და მუშაობდა. ფინანსურად უზრუნველყოფილ ოჯახში გაზრდილი ბიჭს, ნიუ-იორკში შვეიცარადაც უმუშავია, არაფერს თაკილობდა, თურმე.

„მინდა გითხრათ, მისი ამერიკაში დარჩენა არ მინდოდა. თავიდანვე გავაფრთხილე, რომ იქ საცხოვრებლად არ დარჩებოდა. თვითონაც სიგიჟემდე უყვარდა საქართველო... მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მოქალაქეობასაც იღებდა უკვე, ამბობდა, რომ აუცილებლად თავის სამშობლოს მოახმარდა თავის ცოდნას და განათლებას... თუმცა, ერთ-ერთ ჩამოსვლაზე, პატრიოტულ მოტივებზე ტატუირებამ მაინც აღმაშფოთა, მუხედავდ იმისა, რომ სანდროს მხრებიდან ჩემი საყვარელი გმირები მიყურებდნენ - დათა თუთაშხია და ვაჟა-ფშაველა. ჩვენს დიდ ოჯახში არავის აქვს სვირინგი და მახსოვს, ძლივს შევეგუე.

 

წესად მქონდა, რომ აეროპორტში არასდროს ვაცილებდი, ყოველთვის ვერიდებოდით სენტიმენტებს. ბოლო წასვლაზე, ღამის პირველ საათზე ამეკვიატა, რომ უნდა წავიდე აეროპორტში! დავურეკე მეგობარს, ლიკა პირველს და წაყვანა ვთხოვე. ლიკას ჩემი ეს უჩვეულო საქციელი ძალიან გაუკვირდა. გზაში ვერ ვისვენებდი, გაქვავებული ვიჯექი. სანდრო აეროპორტის კაფეში დამხვდა, მეგობრებთან ერთად, ჩვენი დანახვა ძალიან გაუხარდა. ბევრი ვიცინეთ, ვიმაიმუნეთ. ბოლოს, ჩუმად მითხრა, ხომ იცი, მსოფლიოში ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ, ოღონდ არავის უთხრაო. მეც დავეთანხმე...

რატომ გავაცილე, მე თვითონაც არ ვიცი. პირველად და უკანასკნელად გავაცილე...“

ნიუ-იორკში, სანდროს საყვარელ სკამზე, ცენტრალ პარკში, მიკრულია ვერცხლისფერი ფირფიტა, რომელზეც აწერია - „სანდრო ქოიავა - 1994-2016 - გამარჯობა.“

დედის საშინელი წინათგრძნობა

სანდროს გარდაცვალებამდე მანჩოს იშვიათი ფორმის წინათგრძნობა ჰქონდა. რამდენიმე თვე თავს არ გავდა, მუდმივი მოუსვენრობა და იმის განცდა, რომ სიკვდილი აჩრდილივით თან დასდევს, არ ტოვებდა.

მანჩო: - ვგრძნობდი, რომ სიკვდილი ძალიან ახლოს იყო. მაგრამ მეგონა, მე ვკვდებოდი. განსაცდელი თან დამყვებოდა. ჩემ მეგობრებთან ხუმრობით ვამბობდი, მალე მოვკვდები, არ ინერვიულოთ, ხომ იცით, ახალგაზრდა და ლამაზი მინდა მოვკვდე-მეთქი. „ფეისბუქზე“ პოსტებით და ფოტოებით ვხუმრობდი. მისაყვედურეს, ასე ნუ ხუმრობო. დავდე ჩემი უცნაური შავი ფოტოები, სახლიდან წავედი და ღამე ტყეში გავათენე... და 24 საათში ჩემი შვილიც გარდაიცვალა. იმ ღამეს ხილვა მქონდა, სიკვდილი დამესიზმრა. გომბორისკენ გავქანდი. მინდოდა ღამის ტყეში გათენება. ექსტრემალი ვარ, ლაშქრობების მოყვარული. ვიფიქრე, ღამე ტყეში განვმარტოვდები, დავფიქრდები, დილა რომ გათენდება, ეკლესიაში შევალ და მამაოს დაველაპარაკები - რატომ მეშინია, რატომ მგონია, რომ სიკვდილი დამყვება-მეთქი? ისეთმა შიშმა ამიტანა, რომ ვეღარ ვუმკლავდებოდი. მეგონა, სიკვდილი ჩემს ყურის ძირში სუნთქავდა. რისი მეშინოდა, არ ვიცოდი. არანორმალურმა ისტერიკამ ამიტანა. ალავერდისკენ სულ ყანებით ვიარე. უკვე ისე ბნელოდა, არც გზა ჩანდა, არც - არაფერი. უკუნი სიბნელე იყო. დიდ ხესთან ჩამოვჯექი და ფიქრი დავიწყე. ალბათ, ჩამეძინა...

 

12 ივლისის ღამე იყო, ცხელოდა, მაგრამ მე ყინვისგან გავითოშე. დამეუფლა შეგრძნება, რომ ვკვდები და პირიდან სული ამომდის. ბოლოს, ჩემ თავს ზემოდან ვხედავდი, ხის ძირში მძინარეს. ამ დროს, ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე ვხედავ სამ ნახევრად გამჭირვალე სუბსტანციას. ვიგრძენი, თითქოს რომელიღაც ანგელოზმა ხელში ამიყვანა და ძალიან გავთბი. ჩემს ზემოთ იყო ეს სამი სუბსტანცია. პარალელურ სამყაროში გახლდით, სულ სხვა შეგრძნებები დამეუფლა. ყოველგვარი ადამიანურისგან გავთავისუფლდი. მომემატა თვალთახედვა, ყურთასმენა. საოცარი შეგრძნებები დამეუფლა. შუაში ვიყავი მიწიერ სამყაროსა და ამ სამ სუბსტანციას შორის. მახსოვს, ვფიქრობდი, ადამიანებმა რომ იცოდნენ, სიკვდილი რა ბედნიერებაა, ყველა თავს მოიკლავდა-მეთქი. ეს სამეული თითქოს მაჩვენებდა, რომ ჯოჯოხეთი კუპრი და ცეცხლი კი არ არის, არამედ, აქ დედამიწაზე გავდივართ ჩვენ-ჩვენს წილ ჯოჯოხეთს. (მე ახლა ნამდვილად გავდივარ ჯოჯოხეთს, ამაზე მეტი რაღა უნდა დამემართოს?!). მახსოვს ვითხოვე, ახლა ნუ წამიყვანთ, საქმეები, ვალდებულებები მაქვს - დისშვილები, დედაჩემი... მოვაწესრიგებ ყველაფერს მალე და უპრობლემოდ წამოვალ-მეთქი. ასე დავუბრუნდი სხეულს და გავიღვიძე კიდეც! დილას ცუდად გავხდი, ხუთვები დამეწყო, შეტევები. თან ისევ ეს პანიკური შიში... კლინიკაში გამოკვლევისთვის დავწექი. დასაბმელი გიჟი ვიყავი. მეგონა გავგიჟდი... დასამშვიდებელ წამლებს მიკეთებდნენ, ამან სულ ამშალა... ჰალუცინაციები დამეწყო. ამ დროს თურმე სანდრო აღარ მყავს, მაგრამ მაშინვე არ მითხრეს. სანამ ამერიკიდან ჩამოასვენეს, მთელი ის პერიოდი არ გამაგებინეს. გამიფრთხილდნენ, არადა, ლამის კედლებზე გავდიოდი. რაღაც ხდება, რაღაც ხდება-მეთქი, ფიქრი არ მტოვებდა, თავი მეხდებოდა საშინელი ფიქრებისგან. სასულიერო პირებს რომ მოვუყევი, მოგვიანებით, არავის გაკვირვებია ჩემი ამგვარი მდგომარეობა. მითხრეს, შეცდომა დაუშვეს, რომ მაშინვე არ გითხრეს, უფალი იმდენ განსაცდელს აგზავნის, რამდენის გაძლებაც შეუძლია ადამიანსო. როცა ნათესავმა ბერმა დანიელმა, სანდროს ჩამოსვენების წინა დღეს, ეს ამბავი მითხრა, მე თითქოს იმ წუთას დავმშვიდდი. ხომ ვერ ვჩერდებოდი ერთ ადგილას, ეს საშინელება მითხრეს თუ არა, სიმშვიდემ დაიწყო მოსვლა.“

და ბოლოს...

„შვილმკვდარი მშობელი თავადაც მკვდარია, ის არ ცხოვრობს, ის არსებობს. შიგნიდან გამოშავებული მაქვს ყველაფერი, სული, ხორცი, ძვალი - ეს ყველაფერი მტკივა. რა ძლიერი ხარო, მეუბნებიან. ეს გარედან ჩანს, ალბათ, ასე. ჰაერი, რომელსაც ჩავისუნთქავ, ისიც კი მტკივა. სული სულ შავი მაქვს. შვილებს მინდა მივმართო - თავებს გაუფრთხილდით, თუნდაც იმიტომ, რომ მშობლებს ნუ დახოცავთ! იცოდეთ, რომ როცა თქვენ კვდებით, ჩვენც მაშინვე ცოცხლად ვიხოცებით, რაც ფიზიკურად სიკვდილზე ბევრად უარესია.

დაგვინდეთ, ნუ მოგვისწრაფებთ სიცოცხლეს

ავტორი - თამარ გონგაძე