პუტინის ადმინისტრაციაში ამერიკელების ჯაშუში იპოვეს - ვინ არის ვაშინგტონის ინფორმატორი?

12:46 09-14-2019
2559

ტელეკომპანია CNN-მა 9 სექტემბერს წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკული დაზვერვა დიდი ხნის განმავლობაში იყენებდა ადამიანს, რომელიც რუსეთის ხელისუფლების წრეებში იყო: 2017 წელს საჭირო გახდა მისი საზღვარგარეთ წაყვანა.

New York Times-ი წერს, რომ ეს ადამიანი მნიშვნელოვანი წყარო იყო - სწორედ მან უამბო ვაშინგტონს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის როლის შესახებ ამერიკულ არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით.

„კომერსანტი“ წერს, რომ სავარაუდო ინფორმატორი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი ოლეგ სმოლენკოვი იყო, რომელიც 2017 წელს მონტენეგროში წავიდა ოჯახთან ერთად და მას შემდეგ ის არავის უნახავს. 

CNN: ინფორმატორის გაყვანა რუსეთიდან იმიტომ გახდა საჭირო, რომ ტრამპს შეიძლება უნებლიეთ მისი ვინაობა გაემხილა

ინფორმატორი, რომელზეც მიდის საუბარი, ამერიკულ დაზვერვაში 10 წელი მუშაობდა. CNN-ის ცნობით, მისი არსებობა საგულდაგულოდ იმალებოდა და მის მიერ გადაცემული ინფორმაცია დიდ ფასს წარმოადგენდა. ჯაშუში ვაშინგტონს აწვდიდა ინფორმაციას კრემლის საქმიანობის შესახებ, პუტინის გეგმების შესახებ და რუსეთის ლიდერის დამოკიდებულებას რიგ საკითხების მიმართ. ჯაშუშს პირდაპირი წვდომა ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტთან და ამერიკელებს მის სამუშაო ადგილზე გადაღებულ ფოტოებსაც უგზავნიდა.

აგენტი რუსეთიდან 2017 წელს გაიყვანეს. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ამერიკული სპეცსამსახურების შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის ახლანდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გასაიდუმლოებული ინფორმაციის მიმართ ზედაპირული დამოკიდებულება აქვს. 

CNN-ის ცნობით, ინფორმატორის ევაკუაციის შემდეგ, აშშ-ის ხელისუფლებას აღარ დარჩა ასეთი ფასის მქონე აგენტი, რომელიც კრემლის გეგმების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდა. 

The New York Times: ინფორმატორმა 2016 წლის ამერიკულ არჩევნებში ვლადიმერ პუტინის პირად ჩარევაზე მიაწოდა ინფორმაცია ვაშინგტონს

CNN-ის შემდეგ, რუსეთის ინფორმატორზე სტატია The New York Times-მა გამოაქვეყნა. მათი თქმით, ინფორმატორი ჯერ კიდევ მაშინ გადაიბირეს ამერიკელებმა, როდესაც ის საშუალო დონის ჩინოსანი იყო. CIA-ს ღირებულ აგენტად ის მხოლოდ მას შემდეგ იქცა, რაც 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის ჩარევაზე ინფორმაციის მიწოდება დაიწყო. სწორედ მან მოიპოვა ცნობა იმის შესახებ, რომ პუტინმა პირადად მისცა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მიმოწერის ქურდობის უფლება „ტროლების ფარიბიკის“ ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინს. 

აგენტი ვლადიმერ პუტინის უახლოეს წრეში არ შედიოდა, მაგრამ რეგულარულად ხედავდა და კრემლის გადაწყვეტილებების შესახებ იცოდა.  The New York Times-ის რესპონდენტები, რომლებიც სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლები არიან, ამბობენ, რომ სწორედ დონალდ ტრამპი იყო ჯაშუშის ევაკუაციის მიზეზი. 

2016 წელს, ინფორმატორს პირველად შესთავაზეს რუსეთის დატოვება. The New York Times-ის ცნობით, მან უარი თქვა და მიზეზად ოჯახი დაასახელა. CIA-ში ამის გამო ეჭვები გაჩნდა. სპეცამსახურებმა მასში ორმაგი აგენტის არსებობის ნიშნები დაინახეს, მაგრამ 2017 წელს ინფორმატორი გაქცევაზე დათანხმდა.

„კომერსანტი“: ინფორმატორი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო

CNN-მა და The New York Times-მა ინფორმატორის სახელი არ გამოაქვეყნეს, თუმცა ტელეგრამ-არხის ბლოგერმა „პიარშიკმა“ მიაქცია ყურადღება  Daily Storm-ის სტატიას, რომელშიც ეწერა, რომ 2017 წელს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი ოლეგ სმოლენკოვი გაუჩინარდა. 2017 წლის ივნისში ის ცოლთან ერთად, რომელიც ასევე პრეზიდენტის აპარატში მუშაობდა, მონტენეგროში დასასვენებლად წავიდა და მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. იმავე წელს რუსეთში მკვლელობის შესახებ საქმე აღძრეს. 

ის, რომ ინფორმაცია სწორედ ოლეგ სმოლენკოვს ეხება, „კომერსანტს“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წყარომ დაუდასტურა. მისი თქმით, მკვლელობის შესახებ ინფორმაციას რუსეთი ავრცელებდა და ამის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს. 

NBC-ში აცხადებენ, რომ სმოლენკოვი ცოლთან და შვილებთან ერთად ვაშინგტონთან ახლოს ცხოვრობს და მას საკუთარი სახლი აქვს. მედიის ცნობით, მას სახელი არ შეუცვლია და სახლს სახელმწიფო დაცვა იცავს. 

კრემლში აცხადებენ, რომ სმოლენკოვი მართლაც მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თუმცა ის 3 წლის წინ გაათავისუფლეს და მას პუტინთან პირდაპირი შეხება არ ჰქონდა. 

ავტორი: ანეტი მიქელაძე