საუდის არაბეთში უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა (ვიდეო)

12:04 09-14-2019
37

საუდის არაბეთში ორ უმსხვილეს სანავთობო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი უპილოტო აპარატის თავდასხმა იყო. 

BBC-ის ცნობით, ერთ-ერთი დაზიანებული ობიექტი არამხოლოდ საუდის არაბეთში, არამედ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა.

„ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე, უსაფრთხოების სამსახურმა აბკაიკში და ხურაისში ორ ხანძართან გამკლავება დაიწყო, რომელიც უპილოტო აპარატის შეჯახების შემდეგ გაჩნდა“,  - აცხადებენ ერ-რიადში. 

არსებული ინფორმაციით, ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. სახელმწიფო სანავთობო კომპანია Saudi Aramco-ში, რომლებსაც ეკუთვნის ობიექტი, ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობენ. 

აბკაიკში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს. საუდის არაბეთის ნავთობის უდიდესი ნაწილი, რომელიც სპარსეთის ყურიდან გადის, სწორედ აქ მუშავდება.

ავტორი: ანეტი მიქელაძე