მელია - ეს არ არის პროკურატურა, თადუმაძეებში ვარ მოსული

16:31 09-13-2019
65

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა, მაშინ, როცა პარლამენტში სიტყვით გამოდიოდა, პროკურატურაში ამაზე წერილობითი თანხმობა იყო.

„იმდენად სასაცილო ვითარებაა უკვე მეუხერხულება კომენტარის გაკეთება. მოქმედ დეპუტატს, რომელიმე ქვეყანაში აქვს შეზღუდვა, რომ მივიდეს ამა თუ იმ კომპანიაში? ეს არ არის პროკურატურა, თადუმაძეებში ვარ მოსული. მაშინ, როცა პარლამენტში სიტყვით გამოვდიოდი პროკურატურაში ამაზე თანხმობა იყო. ისინიც ხვდებიან, რომ დეპუტატს არ შეიძლება პარლამენტში მისვლა აუკრძალო, წერილობითი თანხმობა არის. პარლამენტში სიტყვით, რომ გამოვდიოდი პრობაციიდან მოვიდნენ და იკითხეს, სად ვიყავი. არ იცოდნენ, რომ მაგ დროს სიტყვით გამოვდიოდი,“ - განაცხადა მელიამ.

თავის მხრივ, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ნიკა მელიამ 10 სექტემბერს, დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი.

ცნობისთვის, 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, გენერალურმა პროკურატურამ კი 25 ივნისს მას ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.