როგორი იქნება ანაკლია პორტის აშენების შემთხვევაში - ფოტო/ვიდეო

15:19 09-13-2019
107

„ანაკლიის პორტი“ Facebook- გვერდზე ფოტოებსა და ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც მოცემულია, თუ როგორი იქნება ანაკლია ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენების შემდეგ.

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროექტი მოიცავს ინდუსტრიულ და ლოგისტიკურ პარკს, ფინანსურ ცენტრს, საცხოვრებელ კომპლექსს, ამერიკული აკადემიის საუნვერსიტეტო კამპუსს, ამერიკულ ჰოსპიტალს, ინოვაციებისა და სტარტაპების ცენტრს, საერთაშორისო იპოდრომს, გოლფ კლუბსა და სხვა კომპონენტებს.

„ანაკლია გახდება სიახლის, მაღალი სტანდარტებისა და საერთაშორისო კომპანიების მიზიდულობის ცენტრი. ადგილი, სადაც ჰარმონიულად იქნება შეთავსებული საპორტო, ლოგისტიკური, საწარმოო, ბიზნესის, გართობის, დასვენებისა და დაბალანსებული ცხოვრების სტილის ყველა წინაპირობა“, - აღნიშნავენ კონსორციუმში.

ამავე ცნობით, ახალი ღრმაწყლოვანი პორტი მსოფლიოს უდიდეს გემებს მიიღებს, მილიონობით კონტეინერს გადაამუშავებს და აბრეშუმის გზის კარიბჭის ისტორიულ ფუნქციას შეასრულებს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ ამბობენ, რომ ანაკლიის ინდუსტრიული პარკი ათიათასობით სამუშაო ადგილს შექმნის.

 

 

ავტორი: თეა შონია