შვილების წართმევით მემუქრებოდა, გავლენიანი ახლობლების წყალობით მისრულებს კიდეც - დედა

15:52 09-12-2019
3918

მრავალშვილიანი დედა დახმარებას და ყურადღებას ითხოვს. როგორც 6 შვილის დედამ „პრაიმტაიმს“ განუცხადა, თავად ძალადობის მსხვერპლს მოძალადე ყოფილი მეუღლის ოჯახმა უჩივლა და ბავშვებთან კონტაქტი პოლიციამ აუკრძალა.

როგორც მისი მონათხრობიდან ირკვევა, მეუღლის მხრიდან ფიზიკური და ემოციური ძალადობის გამო, სოციალური სამსახურის გადაწყვეტილებით, დარეჯან იორდანაშვილი 6 ბავშვთან ერთად ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში 6 თვის ვადით მოხვდა. დედამ ეს დრო გამოიყენა და სამუშაო მოიძია. სასამართლო გადაწყვეტილებით, ის შვილების მეურვე გახდა, ხოლო ყოფილ ქმარს ალიმენტი დაეკისრა. ბავშვებს მამის ოჯახში, ბებიასთან არდადეგების პერიოდში 10 დღის გატარება დაევალათ.

ამ ზაფხულს ბავშვები ბებიასთან საჩხერეში წავიდნენ, უფროსი 3 უკან მალევე დაბრუნდა, უმცროსები კი უკვე 2 თვეზე მეტია ისევ იქ არიან. დედამ კრიმინალურ პოლიციას განცხადებით მიმართა და ბავშვების დაბრუნება ითხოვა. გუშინ საჩხერეში ჩავიდა, პოლიციისა და ადგილობრივი სოციალური მუშაკის თანხლებით ყოფილი ქმრის სახლში ბავშვების წამოსაყვანად უნდა მისულიყო... თუმცა, მას პოლიციაში შემკავებელი ორდერი გამოუწერეს.

დარეჯან იორდანაშვილი ამტკიცებს, რომ უფროსმა შვილებმა, რომლებიც უკვე თბილისში დედასთან არიან, უთხრეს, რომ მათ ბებია ჯოხით სცემდა და თან საჩუქრებს ჰპირდებოდა დედასთან დაპირისპირების სანაცვლოდ.

დარეჯანის ვარაუდით, სიტუაცია მისმა მეორე ქორწინებამ გაამწვავა. ამბობს, რომ ემუქრებოდნენ და შიშობს, რომ ნაცნობების წყალობით დაპირებულ მუქარას უსრულებენ კიდეც.

არაერთგვაროვანია სოციალური სამსახურის პოზიციაც. თბილისის ფილიალი დედის მხრიდან ბავშვებზე ძალადობას გამორიცხავს, საჩხერის კი - ადასტურებს.

დარეჯანის ინფორმაციით, საჩხერის სოციალური მუშაკი მისი ყოფილი დედამთილის ახლო ნათესავია. დარეჯანი ამბობს, რომ პოლიცია იმ ექსპერტიზაზე საუბრობდა, რომელსაც ვერცერთი მხარე ვერ ადასტურებს.

„სასამართლო გადაწყვეტილებით ჩემს შვილებს არდადეგების პერიოდში 10 დღე მამის ოჯახში უნდა გაეტარებინა. როცა დათქმული ვადა გავიდა, ყოფილმა დედამთილმა დამირეკა თხოვნით, რომ ცოტა ხანს კიდევ ყოფილიყვნენ. ასაკშია და ვიფიქრე, მოხუცს გულს გავუხარებ-მეთქი და დავთანხმდი. მიუხედავად იმისა, რომ როცა გაიგო ჩემი მეორედ ქორწინებისა და ორსულობის შესახებ მწყევლიდა და შვილების წართმევით მემუქრებოდა, მგონი მისრულებს გავლენიანი ახლობლების წყალობით კიდეც... უფროსი სამი ბავშვი ჩამოვიდა, პატარები იქ დარჩნენ. ახლა, როცა სიტუაცია გამწვავდა, 12 წლის ბავშვმა მითხრა, რომ იქ ბებია კაკლის საბერტყი ჯოხით გვცემდაო. პატარა ნიას სენაკში მის უშვილო ნათესავებთან გადასვლას აძალებს, არაფერს მოგაკლებენო, ასე ამბობდაო. ბავშვები ამბობენ, რომ მათ ძვირფას საჩუქრებს ჰპირდებოდა თუ მე დამიპირისპირდებოდნენ მის სასარგებლოდ... 

გუშინწინ მივედი კრიმინალურ პოლიციაში და განცხადება დავწერე შვილების ჩამოყვანაში დამხმარებოდნენ, მათი რჩევით, საჩხერის პოლიციაში ჩავედი, სადაც სოციალურ მუშაკსაც უნდა შევხვედროდი და ყოფილი ქმრის სახლში ბავშვების გამოყვანის მიზნით უნდა მივსულიყავი. პოლიციაში სოციალური მუშაკი არ შემხვდა, ის ყოფილი დედამთილის ნათესავია და ამიტომაც, არ ვენდობი. გამომძიებელმა შემკავებელი ორდერი გამომიწერა, რომელსაც მე არ ვეთანხმები და ხელიც არ მოვაწერე. საჩხერის გამომძიებელსაც მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება, გენინსპექციაში ვასაჩივრებ მის ქმედებას.

რაიონია და იქ სხვანაირად იღებენ გადაწყვეტილებებს, ნათესაობასა და ახლობლობაზე დაყრდნობით. იმის გამო, რომ მე საჩხერელი არ ვარ, შვილებს ვერ დავკარგავ, ამას თავის მოკვლა მირჩევნია. აქამდე თბილისში მიჩიოდნენ სოციალურ სამსახურში, თუმცა რამდენიც მონიტორინგზე მოვიდნენ, იმდენი წესრიგში იყო ყველაფერი, ამას ბავშვების სკოლა, ახლობლები და მეზობლებიც დაადასტურებენ. მე ბავშვებს ცემაში კი არა, სითბოსა და სიყვარულში ვზრდი, სულ უკან დავდევ და მათით ვცხოვრობ, აბა სხვა რა მომათმენინებდა​ მათი მამის მხრიდან გაუთავებელ ძალადობას? სულ ნაცემი ვიყავი და დამცირებული, თვითმკვლელობაც ვცადე და სასწაულებრივად გადავრჩი“, - ყვება „პრაიმტაიმთან“ მრავალშვილიანი დედა.

დარეჯან იორდანაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით „პრაიმტაიმი“ ბავშვების ბებიასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

„პრაიმტაიმი“ ვითარებაში გასარკვევად სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა. უწყებაში განმარტეს, რომ აღნიშნულ ოჯახთან თბილისში გლდანი-ნაძალადევის ფილიალი მუშაობს, ხოლო საჩხერეში - ადგილობრივი. ამ ერთი უწყების ორი სამსახურის თანამშრომლები ურთიერთგამომრიცხავად საუბრობენ.

გლდანი- ნაძალადევის სოციალური მუშაკი აცხადებს, რომ ის დედის მხრიდან ბავშვებზე ძალადობის ფაქტებს არ ადასტურებს.

„ბავშვები გამოვკითხე, ისინი დედის მხრიდან ძალადობას არ ადასტურებენ. დედა თანამშრომლობს სკოლასთანაც, გამოირჩევა ყურადღებითა და მის შვილებს აქვთ მზრუნველი გარემო შექმნილი. დარეჯან იორდანაშვილთან ჩემამდე სხვა სოციალური მუშაკებიც მუშაობდნენ. ჩემი ინფორმაციით, ის აქტიურად მუშაობდა ჩვენს სამსახურთან. ახლა, ამ კონკრეტული შემთხვევა ძიების პროცესშია და ბევრს ვერაფერს ვიტყვი თუმცა, არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ დედა მოძალადეა. ახლა, საქმის შესწავლის პროცესში ვარ და საჭიროების შემთხვევაში ჩავრთავთ სხვადასხვა სტრუქტურებს. საჩხერის სოციალურ მუშაკს ამ ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია. ამბობს, რომ ის ბავშვების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოქმედებს და განმარტავს, რომ თუ ბებიის მხრიდან იკვეთება ძალადობის რისკი, მაშინ ბავშვები აუცილებლად უნდა გაიყვანონ უსაფრთხო გარემოში“, - განმარტავს ვერა ციცვიძე.

რაც შეეხება მის საჩხერელ კოლეგას, „პრაიმტაიმს“ სოციალურმა მუშაკმა განუცხადა, რომ არ იცის, რატომ და როდის იყვნენ დედა და 6 ბავშვი ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში, არც ის იცის, რომ დარეჯანის უფროსი შვილები მოძალადე ბებიაზე საუბრობენ, არც დედის პოზიცია იცის, რადგან მას არ შეხვედრია. თუმცა, ეჭვი არ ეპარება, რომ ბებია მოძალადე არაა და იცის, რომ ახლა 3 პატარა უსაფრთხოდაა.

„არ მაქვს ინფორმაცია, რომ ბავშვებზე და დედაზე ქმარი ძალადობდა, არც ის ვიცი, რომ ბავშვები საუბრობენ ბებიის მხრიდან ძალადობაზე. მე პატარების სიტყვიერი მომართვის შემდეგ ჩავერთე და ისინი დედის მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ.

- ბავშვებს როცა შეხვდით აღენიშნებოდათ ძალდობის ნიშნები?

- არა, არ შემინიშნავს.

- რა ექსპერტიზაზეა საუბარი, დედას უთხრეს პოლიციაში რომ მის ძალადობას ექსპერტიზა ადასტურებდა?

-  არ ვიცი, ჩემთვის არ გადმოუციათ არანაირი ექსპერტიზის დასკვნა.

-  ეჭვი არ გაგჩენიათ, რომ შესაძლოა, პატარები ფსიქოლოგიური ზეგავლენის მსხვერპლები იყვნენ?

-  არა, ეს ეჭვი რომ მქონდეს, სხვანაირად მოვიქცეოდი.

-  გაქვთ ინფორმაცია, რომ დარეჯანი ქმრის მხრიდან იყო ძალდობის მსხვერპლი და ახლა, უფროსი ბავშვები ბებიის ძალადობაზე საუბრობენ?

- არა, არც ეს ინფორმაცია არ მაქვს, არც დედას შევხვედრივარ.

- რამდენად ადექვატურად და სამართლიანად მიგაჩნიათ დადგენილი მოძალადის (მამის) ოჯახში ბავშვების ყოფნა?

„გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით ვერ ვისაუბრებ. არ ვფიქრობ, რომ მამის ოჯახიდან ბავშვებს გამოვიყვანთ“, - ამბობს ნანა ღამბაშიძე. 

„პრაიმტაიმი“ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დაუკავშირდა.

როგორც დაწესებულებაში განმარტავენ, საჩხერეში ექსპერტიზა ვერ გაკეთდებოდა, რადგან იმ რაიონში ექსპერტიზის ბიუროს ფილიალი არ არსებობს, სხვა დამატებით ინფორმაციას კი, კონფიდენციალობის დაცვის მიზნით, ვერ ასახელებენ.

„საჩხერეში ვერ გაუკეთდებოდა ექსპერტიზა, რადგან იქ არ გვაქვს ფილიალი, ხოლო დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. მშობლებმა ერთობლივად უნდა მოგმართონ ან სასამართლოს გადავცემთ საჭიროების შემთვევაში“ - განმარტავენ უწყებაში.

ამის შემდეგ, „პრაიმტაიმი“ შსს-ს დაუკავშირდა. იქ აცხადებენ, რომ ბავშვების ბებიის მიმართვის საფუძველზე დედის მიმართ გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს. 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური