რასმუსენი ინიციატივა - განიხილება თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანება აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე

11:58 09-10-2019
152

ნატოს ყოფილმა გენერალურმა, მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მიმდინარე და სამომავლო რეფორმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია, განსაკუთრებით სამხედრო კუთხით.

„ვფიქრობ, საქართველომ გაიარა დიდი გზა და მიაღწია დიდ შედეგებს. განსაკუთრებით სამხედრო კუთხით, თქვენ აჩვენეთ ნატოს სტანდარტების შესაბამისი შესაძლებლობა. თუმცა, რა თქმა უნდა, თქვენ ასევე გააფართოვეთ რეფორმების მასშტაბი. უპირველეს ყოვლისა, გააძლიერეთ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა და ა.შ. თქვენ უნდა გააგრძელოთ ეს გზა.

ასევე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი ასპექტი როგორც საქართველოში, ისე ნატოს შიგნით, ეს არის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხი. თუ ერთ დღეს ჩვენ გადავწყვეტთ, რომ საქართველო მზად არის, შეუერთდეს ალიანსს, ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ კვლავ ქმედითია მეხუთე მუხლი, რომელიც ნატოსგან ითხოვს საქართველოს დახმარებას, თუ საქართველოს თავს დაესხმებიან. აშკარაა, რომ გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავები რუსეთთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არის პრობლემა. კითხვა შემდეგია – როგორ შეიძლება ამის მოგვარება. ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატოს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ნატო-ში ჩვენ ასევე უნდა ვუპასუხოთ იგივე კითხვას“, – განაცხადა რასმუსენმა.

მისი თქმით, მსგავსი პრეცედენტი იყო გერმანიის შემთხვევაში.

„ჩვენ გვქონდა მსგავსი პრეცედენტი. მე გერმანიას ვგულისხმობ, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად იყო დაყოფილი. გერმანია ნატო-ში 1955 წელს გაწევრიანდა, თუმცა მხოლოდ მისი დასავლეთ ნაწილი. ნატოს წესები არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. თუმცა როდესაც გერმანია გაერთიანდა 1991 წელს ნატოს წესდებამ დაფარა აღმოსავლეთ გერმანიაც. პრინციპში, ანალოგიური მექანიზმი შესაძლოა, შემუშავდეს საქართველოსთვისაც. რა თქმა უნდა, ის არის სადავო და უნდა განიხილებოდეს, როგორც საქართველოში, ისე ნატოში. თუმცა ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავადასტუროთ ის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტ პუტინს მივცემთ დეფაქტო ვეტოს უფლებას, რომ მუდმივად შეძლოს საქართველოს, უკრაინის ან სხვა მეზობელი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების დაბრკოლება ანალოგიური კონფლიქტების წარმოქმნით“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.