45 000 ლარიანი მანქანა მიისაკუთრა და 7 000 ლარად ჯართში ჩააბარა-პოლიციამ ის თაღლითობისთვის დააკავა

11:19 08-25-2019
254

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული გ. ც. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გ.ც. საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ, 45 000 ლარად ღირებულ „მაზის მარკის ავტომანქანას. გ.ც.-მ ავტომანქანა გარდაბნის რაიონში შავი ლითონის მიმღებ პუნქტში 7 000 ლარად ჩააბარა, ხოლო სანომრე ნიშნები და აკუმულატორები გადამალა.

„პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად წარსულში იგივე დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ც. დააკავა, ხოლო შავი ლითონის მიმღები პუნქტიდან მაზის მარკის ავტომანქანა, ასევე, გადამალული სანომრე ნიშნები და აკუმულატორები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ავტოსატრანსპორტო საშუალების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 -ე ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტით.“- ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.