პრემიერი მატყუარაა - ლევან გოგიჩაიშვილი აზარტული თამაშების ხელშეუხებლობას ბახტაძეს უკავშირებს

18:44 08-24-2019
767

პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა აზარტული თამაშის დაწესებულებებმა სატელეფონო რეკლამირება დაიწყეს - მოქალაქეებს თავიანთ სერვისებს, თამაშის ტიპებსა და ასეული ათასის ჯეკპოტის მოგებას სთავაზობენ.

ცნობილია, რომ საქართველოს პარლამენტში აზარტული თამაშების რეგულაციის შესახებ კანონპროექტი განხილვისას რამდენჯერმე ჩავარდა. აღნიშნული კანონპროექტი სხვა კომპონენტებთან ერთად რეკლამირების შეზღუდვასაც მოიცავს.

კანონპროექტს ხელს 12 დაინტერესებული პირი აწერს. ერთ-ერთი მათგანი პარლამენტარი ლევან გოგიჩაიშვილია, რომელსაც „პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა.

„პირველ რიგში ვაცხადებ, რომ პრემიერი მატყუარაა. მან საქართველოს პარლამენტში მომმართა და თქვა - სად იყავი მე რომ ეს მინდოდაო. თუმცა, მას შემდეგ 3 თვე გავიდა. ბახტაძემ ბრძანა, რომ ამ კანონპროექტს ბოლომდე მიიყვანდა. თუმცა, აზარტული თამაშების ბიზნესი შავი სალაროს შესავსებადაა. დარწმუნებულები იყავით, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც მსგავსი ბიზნესი აქვს სოლიდურ თანხას იხდის და ამ შავი სალაროდან ხდება ადამიანების მოსყიდვა და ა.შ.

რაც შეეხება კანონპროექტის მსვლელობას, საშემოდგომო სესიას აუცილებლად გამოვიყენებთ. როგორც ვიცი, უმრავლესობამ შეიმუშავა კანონპროექტი აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, თუმცა, როდის განიხილება, დამტკიცდება და რამდენად ეფექტური იქნება, ძნელი სათქმელია. უმრავლესობა იძულებული გახდა ეზრუნათ ამ პრობლემაზე და ამიტომაც შეიმუშავეს. ეს ემსახურება გზავნილს საზოგადოებისკენ  -ჩვენ გავაკეთეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიზნესი ლეგალურია, უნდა იყოს მიუღებელი. ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ადამიანები კეთილსინდისიერ ბიზნესმენებად იქნენ წარმოჩენილი. მათი პარლამენტში დასმა და დახურულ საღამოებზე შეხვედრები ხდება. აუცილებელია, მათი მარგინალიზება. უნდა ცხვენოდეთ რომ ასეთი ბიზნესი აქვთ.

ისე რეკავენ ადამიანებთან და სთავაზობენ საკუთარ სერვისებს, თითქოს მაცივარს ყიდიან. რეალურად მათ დაღუპვასა და ეკონომიკურად უფრო დიდ გაჭირვებაში ჩავარდნას სთავაზობენ.

ხელისუფლებამ ჩემს ჯინაზე ჩააგდო ეს კანონპროექტი, რათა პოლიტიკური ქულები არ დამეწერა. მე კი შევპირდი პრემიერ მინისტრს, რომ ხელების გადატყავებამდე ტაშს დავუკრავდი თუკი პარლამენტი ამ კანონს მიიღებდა.

დღეს ქვეყანაში ნახევარ მილიონზე მეტი თამაშ დამოკიდებული გვყავს, თანაც ეს რაოდენობა მზარდია. აზარტული თამაშების ბიზნესი მახეა, რომელზეც პასუხს არ სთხოვენ და მეტიც - ახალისებენ პარლამენტში შეყვანითა და ახლო ურთიერთობებით მხოლოდ იმისთვის, რომ შავი სალარო არსებობდეს. ამით ხელისუფლება უბიძგებს ჩვენს ახალგაზრდებს, მათ შორის მე-9 კლასელ ბავშვებსაც კი ცხოვრება არასწორად დაიწყონ. ვის წარმოუდგენია, რომ მოზარდი, რომელიც ჩაერთვება აზარტულ თამაშებში, სწავლაზე და განვითარებაზე იქნება ორიენტირებული?

შედეგად კი, ეკონომიკურად უფრო და უფრო მეტად უჭირთ ოჯახებს, ცხოვრობენ სტრესში, თავად თამაშ დამოკიდებულებს ფსიქიკური პრობლემები აქვთ, იზრდება კრიმინალის დონე და რაც ყველაზე მტკივნეულია, ეს ადამიანები სიცოცხლეს სუიციდით ამთავრებენ.

ხელისუფლების ლიდერმა, პრემიერმა უნდა მიიღოს საჭირო გადაწყვეტილება. ამბობს, ვაკეთებ ყველაფერსო და რეალურად ასე არაა. შესაძლებელია, ეს პარტიის თავმჯდომარის დავალებითაც ხდებოდეს. თუმცა, ბიძინა ივანიშვილთან მე ამ საკითხზე არასოდეს მისაუბრია და არ ვიცი მისი დამოკიდებულება“ - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური