სუჯუნაში სასახლის ბარელიეფის შეცვლის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

18:48 08-23-2019
174

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნაში მდებარე აკაკი ხოშტარიას სასახლის ბარელიეფის ჩამოხსნის ფაქტზე, გამოძიება 259-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შს სამინისტროში განმარტავენ, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საქმე 2017 წელს აღიძრა და გამოკითხულები არიან საქმესთან კავშირში მყოფი პირებიც.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზედამხედველობის თანამშრომლებმა ზემოაღნიშნული ფაქტის შესახებ შს სამინისტროს ჯერ კიდევ 2015 წელს აცნობეს და შესაბამისი განცხადებით მიმართეს. უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მათ საქმის შემდგომი მსვლელობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სასახლეში მეუფის რეზიდენციის განთავსება იგეგმება, უწყებაში კატეგორიულად უარყოფენ.

ჭყონდიდის ეპარქიაში ასევე კატეგორიულად უარყოფენ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სუჯუნაში მდებარე აკაკი ხოშტარიას სასახლეს მეუფის რეზიდენციისთვის ამზადებენ. რაც შეეხება შეცვლილ ბარელიეფს სასახლის წინა ფასადზე, სასულიერო პირი ამბობს, რომ განთავსებული ეშმაკის ფიგურა დაზიანებული და ჩამოცვენის პირას იყო. როგორც კაჭარავა ამბობს, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, მის ნაცვლად წმინდა გიორგის ბარელიეფი ჩაესვათ.

 

ავტორი: თეა შონია