მოწმემ, რომელმაც გურჯაანში სასტიკი მკვლელობის შესახებ განაცხადა, ჩვენება შეცვალას

12:55 08-23-2019
3697

გურჯაანის რაიონში უკვე რამდენიმე დღეა ეძებენ 34 წლის მამაკაცს, თუმცა ვერც ოჯახმა და ვერც სამართალდამცველებმა მის კვალს ვერ მიაგნეს.

დღეს ერთ-ერთი მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით Reginfo.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მამაკაცი სავარაუდოდ მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის არხში გადააგდეს.

„პრაიმტაიმის“ ადგილობრივი კორესპონდენტის ცნობით, აღნიშნულმა მოწმემ მოგვიანებით ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ პოლიციამ მასზე ზეწოლა განახორციელა. 

პოლიციამ გამოკითხა სხვა მოწმეებიც, მათ შორის დაკარგული მამაკაცის შეყვარებული, თუმცა მათ შესაძლო დანაშაულის შესახებ არაფერი უთქვამთ. 

„პრაიმტაიმს“ შსს-ში განუმარტეს, რომ პირის ძიება უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსით გრძელდება, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი