გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის სრული კონსოლიდაცია - ბახტაძე ბორდერიზაციაზე

15:45 08-16-2019
13

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დეზინფორმაციას უწოდებს განცხადებებს, რომ სოფელ გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესის განახლების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩასულან.

„ჩემი თხოვნით, იქ იმყოფებოდა როგორც ქეთევან ციხელაშვილი ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. დღეს ადგილზე იყო ჩასული დიპლომატიური კორპუსი და სამწუხაროდ, ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, როგორ აგრძელებს რუსეთი ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, სამწუხაროდ გრძელდება ე.წ ბორდერიზაციის პროცესი. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, აღმოვუჩინოთ დახმარება და მინდა დავარწმუნო საქართველოს მოქალაქეები, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გვერდში ამოვუდგეთ ამ ხალხს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოკუპაცია და ე.წ ბორდერიზაცია არის ძალიან მტკივნეული პროცესი და ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის სრული კონსოლიდაცია იმისთვის, რომ ამას წინ აღვუდგეთ. სწორედ ამას ემსახურება ის, რომ პირველივე დღიდან ყველა საერთაშორისო ფორმატს ვიყენებთ, რომ მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის კონსოლიდაცია, რათა როგორმე შევაჩეროთ ეს მტკივნეული პროცესი. რის საფუძველზე ამბობთ, რომ ეს საკითხი რომელიმე ფორმატში კრიტიკულად არ დავსვით?! რამდენიმე დღის წინ გაეროში ჩატარდა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, რომელზეც იმსჯელეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე. გაეროს ტრიბუნა არის ყველაზე მაღალი ტრიბუნა, სადაც ეს პრობლემა შეიძლება დაისვას. თქვენ აგრძელებთ დეზინფორმაციის კამპანიას. ჩვენი უწყებები პირველივე დღიდან იყვნენ იქ და იმყოფებოდნენ ჩვენი მოქალაქეების გვერდით”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძების მონტაჟი გუშინ დილიდან კვალვ განაახლეს.

მათ მიერ წინა დღეებში დამონტაჟებულ რკინის ბოძებზე უკვე გავლებულია რკინის ღობე. ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ორი საცხოვრებელი სახლი.