როგორ ხდება რეალურად ​ მობილობა უცხოური სასწავლებლებიდან - ეს ყველა აბიტურიენტმა უნდა იცოდეს

12:26 08-15-2019
122

ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობენ სასწავლო ცენტრები იმ ქართველ აბიტურიენტებს შორის, რომლებსაც სტუდენტობა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე სურთ. ეს უმაღლესი სასწავლებლები უკრაინული სასწავლებლების ფილიალებია.

ასეთ ცენტრებს მიმართავენ ასევე, ეროვნულ გამოცდაზე ჩაჭრილი აბიტურიენტები.

განათლების სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაავრცელა განცხადება და განმარტა, რომ აბიტურიენტები ვერ მოხვდებიან აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში, თუ ზოგადი უნარების გამოცდებს არ ჩააბარებენ.

​ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, კიევის უმაღლეს სასწავლებლებს აბიტურიენტები შემდგომში, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მობილობის მიზნით ირიცხებიან კიევის უნივერსიტეტებში, თუმცა ბევრი მათგანი არ არის სწორად ინფორმირებული, რა პროცედურების გავლაა ამისთვის რეალურად საჭირო და რამდენი ხნით უნდა ისწავლონ არსებულ სასწავლებელში.

2019 წლის ბოლოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ, თუ აბიტურიენტი წავა უცხოეთში განათლების მისაღებად, დაბრუნების შემდეგ აუცილებლად უნდა ჩააბაროს ერთიანი უნარების გამოცდა იმ შემთხვევაში, თუ სურს მობილობით სარგებლობა და ქართულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება. 

როგორ ხდება ​ მობილობა რეალურად უცხოური სასწავლებლებიდან, ამ კითხვით „პრაიმტაიმი“ აკრედიტაციის ცენტრის ხელმძღვანელს დავით კობახიძეს დაუკავშირდა.

- რა პროცედურები უნდა გაიაროს აბიტურიენტმა, რომელსაც ჩაბარებული აქვს უცხოეთში და სურს საქართველოში მობილობით გადმოსვლა?

„საქართველოს კანონმდებლობა დისტანციურ სწავლებას არ აღიარებს. მიუხედავად იმისა, რომ მათ (ამ შემთხვევაში კიევის უნივერსიტეტებს) აქ ჰქონდათ თავიანთი ფილიალები გახსნილი და სთავაზობდნენ დისტანციურ სწავლებას, რომ გაიგეს სახელმწიფო არ აღიარებდა, 3 თვით უკრაინაში მიდიოდნენ, საზღვრის კვეთა 75 დღე უნდა დაეფიქსირებინათ და ამ შემთხვევაში გამოცდის გარეშე შეეძლოთ მობილობის წესით გადმოსულიყვნენ საქართველოს უნივერსიტეტებში. რადგან სტუდენტების კონტროლი ქართული მხარის მიერ ვერ ხერხდებოდა, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ დაბრუნებისა და მობილობის შემთხვევაში უნარების გამოცდა უნდა ჩაებარებინათ. ამით აბიტურიენტთა მდგომარეობა გათანაბრდა“, - განაცხადა დავით კობახიძემ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე