„მეც მყავდნენ მექალთანე თაყვანისმცემელი ტენორები“ - თამარ ივერმა აღიარა, რომ დომინგო მექალთანეა

21:08 08-13-2019
2831

78 წლის ესპანელ ტენორზე - პლასიდო დომინგოზე ნეგატიური სიახლე გავრცელდა. 8 მომღერალი და ერთი მოცეკვავე ქალი, საოპერო მომღერალსა და დირიჟორს, სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

მათი თქმით, ეს ინციდენტები 1980-იანი წლებიდან მოყოლებული ხდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ქალების ბრალდებას დაახლოებით 30 კოლეგა ადასტურებს, რომლებიც დომინგოს უხამსი ქცევის მოწმეები იყვნენ.

ერთადერთი ქალი, რომელმაც თავისი ვინაობა დაასახელა, მომღერალი პატრიცია ვულფია, რომელიც დომინგოსთან ერთად ვაშინგტონის ნაციონალურ ოპერაში მუშაობდა. დანარჩენმა რვამ ანონიმურობა ითხოვა. 

პატრიცია ვულფი ჰყვება, რომ 1998 წელს დომინგო ყოველ საღამოს ეკითხებოდა, სურს თუ არა სახლში წასვლა. მისი თქმით, დომინგო არასდროს შეხებია, თუმცა მუდმივად ითხოვდა მის ყურადღებას და მის ქცევაზე ოპერის კულუარებში მუდმივად მიდიოდა საუბარი. ოპერის ვარსკვლავი ყველა ბრალდებას უარყოფს.

დომინგო 2010 წელს გახლდათ საქართველოში. ბათუმის პიაცაზე დაუვიწყარი კონცერტი ჩაატარა. მან დუეტები შეასრულა ულამაზეს ქართველ მომღერლებთან - ნინო მაჩაიძესთან, ნინო სურგულაძესთან, ქეთევან ქემოკლიძესთან, ეთერ ლამორის-ჭყონიასთან ერთად. ზოგი მათგანი სამშობლოში არ იმყოფება, ზოგმაც ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ქეთევან ქემოკლიძე ერთ-ერთია, რომელთანაც მაესტრომ პიაცაზე დუეტი შეასრულა.

ქეთევან ქემოკლიძე: - მე 2008 წლის სექტემბერში გავიმარჯვე მის კონკურსში ოპერალია და როცა გავიცანი, მისი პირველი რეაქცია იყო წუხილი იმაზე, რაც ხდებოდა იმ დროს საქართველოში. კონკურსზე გამარჯვების შემდეგ მისი რეკომენდაციით კონტრაქტები მომცა ლოს ანჯელესის და ვაშინგტონის ოპერებმა, სადაც ის იყო დირექტორი. ასევე მისი პირადი მიწვევით ვიმღერე მის კონცერტზე ბათუმში (რადგან ქართველ ორგანიზატორებს გამოვრჩი). ძალიან ყურადღებიანი და ახალგაზრდების მიმართ მხარდამჭერი ადამიანია. ვიტყოდი, ის ერთადერთი დიდი ვარსკვლავია, რომელიც ეხმარება პროფესიულად ახალგაზრდა ნიჭიერ მომღერალებს და მიხარია, რომ მათ შორის ვარ მეც ვარ - მისი ოპერალიის დიდი ოჯახის წევრი.

„პრაიმტაიმი“ სოპრანოს - თამარ ივერს დაუკავშირდა. ივერმა აღიარა ფაქტი, რომ დომინგო მექალთანე ნამდვილად არის და ცხელი ესპანელი ლამაზი სოპრანოების კარიერულ აღმასვლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

თამარ ივერი: - დომინგოსთან არ მიმუშავია, ერთად არ გვიმღერია, თუმცა მე რომ მეტროპოლიტენში ვმღეროდი, იმ დროს ის იქ დადგმებს მღეროდა ან დირიჟორობდა. ცნობილი მომღერლები ფართებს როცა აწყობდნენ, ამ საღამოებზე მოსულა და შევხვედრილვართ. ოპერის ბუფეტში მინახავს. ჩემი შესრულება მოუსმენია, მოსულა, მოულოცავს. მახსოვს, კოვენტ გარდენში „პიკის ქალს“ მღეროდა და მივსულვარ, მიმილოცავს. ერთად უნდა გვემუშავა „მანონ ლესკოზე“, ვალენსიაში, მაგრამ თეატრს ფასადი ჩამოემსხვრა და ამის გამო სპექტაკლი გააუქმეს.

ვიცი, რომ ყოველთვის მოსწონდა ლამაზი ქალები. მათ თეატრში იწვევს ხოლმე. გამიგია, რომ ვიღაც ლამაზ სოპრანოს იწვევს და მას კონკურსებში ამარჯვებინებს ხოლმე. ლამაზ ქალებს კარიერაში უწყობს ხელს. მისი ხელშეწყობით გახდა ვარსკვლავი ანჯელა გეორგიუ. ძალიან მოსწონდა და კონცერტებში ამღერებდა ეთერ ლამორისს. იულია ნოვიკოვასოპერალიაზე“ გაამარჯვებინა და „რიგოლეტოში“ ამღერა. მაგრამ პლატონურად ეტრფოდა თუ რაიმე სექსუალური აკავშირებდა მათთან, დაზუსტებით ვერ გეტყვით. არ მინდა ჭორაობაში ჩამეთვალოს.

- პატრიცია ვულფმა არ დამალა თავისი ვინაობა და პირდაპირ ამხილა.

- არ არის გამორიცხული. ლამაზი კაცი იყო, ცხელი, ტემპერამენტიანი. საიდუმლო არც ის არის, რომ ტენორები საოპერო სამყაროში მექალთანეებად ითვლებიან. თუმცა გამონაკლისი აქაც იყო, ამას ვერ ვიტყვი პავაროტიზე და კარერასზე. მათზე მსგავსი არაფერი გამიგია. მე გვარების დასახელების გარეშე გეტყვით, რომ ჩემი კარიერის მანძილზე, მყავდნენ მექალთანე თაყვანისმცემელი ტენორები, რომლებიც სპექტაკლის შემდეგ სადღაც მეპატიჟებოდნენ - „ამ საღამოს რას აკეთებ“ - ვარიანტში (იცინის). ბანისგან და ბარიტონისგან მსავსი არაფერი მსმენია. ამის საიდუმლოება იმაშია, რომ ტენორი მთავარი გმირია, მას უშუალო შეხება აქვს სოპრანოსთან, უხსნის სიყვარულს, ეფერება, კოცნის სცენა აქვს. სპექტაკლს წინ ერთთვიანი რეპეტიცია უძღვის. როგორც რომეო და ჯულიეტა, სოპრანო და ტენორიც სულ ერთად არიან. ბარიტონთან და ბანთან სოპრანო სულ კონფლიქტშია, ებრძვის...

მოკლედ, გეტყვით, რომ ამ ფაქტზე გახსნილად იმან უნდა ისაუბროს, ვისაც დომინგოსთან მსგავსი რამ გადახდენია. რაღაც საბუთი უნდა ჰქონდეს - ან ფოტო, ან ვიდეო, ან ჩანაწერი. ზეპირად ძნელია ცილისწამება. უნდა დაამტკიცო, თორემ ადამიანის კარიერას და რეპუტაციას რომ ასე აფუჭებ და წყალს უყენებ - დაუმტკიცებლად არ შეიძლება.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე