სკოლის მერხიდან ერთად - ანა ხაჭაპურიძე და გურამ ყოჩიაშვილის ისტორია ქურთადან (ვიდეო)

17:42 08-13-2019
257

„გვეუბნებიან, რომ თქვენი სოფელი მიწასთან გასწორებულიაო. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვიცნობთ იმ ადგილს, სადაც ჩვენი სახლი იდგა. ეკლესიასთან რომ დავდგე, იქიდან ორიენტაციით მივხვდები, სად იდგა ჩვენი სახლი“ - ამბობს ანა ხაჭაპურიძე.

ანა ხაჭაპურიძე მეუღლესთან გურამ ყოჩიაშვილთან ერთად კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მათ წელს ერთად ყოფნის 40 წელი შეუსრულდათ.

„ჩვენ დავიბადეთ და გავიზარდეთ ქურთაში. კლასელები ვართ. მერე მე ტექნიკუმში წავედი, ესეც ტექნიკუმში წავიდა. ურთიერთობა აღარ გვქონდა. როცა დავამთავრეთ, ჩამოვედით. მე მუშაობა დავიწყე კეხვის ბიბლიოთეკაში. თან დაუსწრებლად ჩავაბარე პუშკინის სახელობის უნივერსიტეტში. ამანაც როცა დაამთავრა, ჩამოვიდა სოფელში და გაგვიახლდა ურთიერთობა და სიყვარულამდე მივიდა“, - იხსენებს ის

„1979 წელს დავქორწინდით. მერე შვილი გვეყოლა. სამი გოგო გვყავს. 40 წელი გაგვიხდა 16 ივლისს, რაც ცოლ-ქმარი ვართ. ამ სამი გოგოსგან კი, ცხრა შვილიშვილი გვყავს“, - ამბობს ქალბატონი ანა.

ის ამბობს, რომ დიდი ლიახვის ხეობაში ნორმალურად ცხოვრობდნენ.

„არაფერი არ გვიჭირდა. ყველაფერი გვქონდა. ჩვენი სახლი 12 ოთახი იყო სარდაფებიანად. დიდი აივნით. ყველაფრით უზრუნველყოფილები ვიყავით. ისეთი ცხოვრება გვქონდა, რომ არ უნდა გაგვჭირვებოდა სიბერე“, - ამბობს ანა ხაჭაპურიძე.
როგორც ის იხსენებს, 39 წელი სოფელ ქურთის სარაიონო ბიბლიოთეკაში მუშაობდა.

„ბოლო წელს მერე რაღაცით არ მოვეწონეთ. პოლიტიკური ამბავი იყო. რეორგანიზაცია მოხდა და გამოგვიშვეს 12 თანამშრომელი და სხვებით ჩაგვანაცვლეს“.

გურამ ყოჩიაშვილი 1989 წლამდე როკის გვირაბის მშენებლობაზე მუშაობდა. ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყებისას ჯავის რაიონიდან გამოასწრო.

 

წყარო: Qartli.ge