ვის ატყუებენ ეს იდიოტები? - დემურ გიორხელიძე ლარის კურსზე

21:24 08-02-2019
3013

გაუფასურებული ლარი, ეკონომიკური კრიზისი, მომატებული ფასები, - ეს ის თემებია, რის გამოც ხელისუფლება პოლიტიკური თუ მესამე სექტორის წარმომადგენლების კრიტიკის ობიექტადაა ქცეული.

ეკონომიკის სპეციალისტები საგანგაშოდ მიიჩნევენ ლარის გაუფასურებას, გაზრდილ მიგრაციასა და უმუშევრობას. ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმშია.

სად უშვებს ქვეყნის ხელმძღვანელობა შეცდომას და არის თუ არა ისე საგანგაშო მდგომარეობა, როგორც სავალუტო ჯიხურების ტაბლოებზე ნაჩვენები დოლარის მაღალი კურსი.

თუმცა ეკონომიკის ექსპერტი, ექსპერტი დემურ გიორხელიძე „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა განსაკუთრებული არ არის.

- ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა განსაკუთრებული არ არის, იგი არც აქამდე იყო კარგი. ბოლო 30 წელია ისეთი ტენდენციაა, რომ იმ ეროვნულ სიმდიდრეს, რომელიც იქმნება, მხოლოდ მცირე ჯგუფი მოიხმარს და იმიტომაა, რომ საზოგადოება რეალური სახელმწიფოს განცდის გარეშეა დარჩენილი, სწორი სოციალური პოლიტიკის გარეშე, დაუსაქმებელია, უზარმაზარი მიგრაციაა და ა.შ. ესე იგი, შიდა ეკონომიკურ სიტუაციაში რაღაც დიდი რყევები არ მომხდარა. არის პრობლემები, მათ შორის, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობაში. მაგალითად, თურქეთზე ჩვენი უტვინო პოლიტიკით მთელი ქართული ეკონომიკა ჩამოვკიდეთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. გასაგებია, რომ ეს გარე შოკია და ამდენად, მოკლევადიან პერსპექტივაში რაღაცაზე მაინც იმოქმედებს. სხვა მხრივ, ეს არის შიდა პროცესები, ის, რომ მთავარი პოლიტიკის ღერძი ვერ გახდა სწრაფი ეკონომიკური ზრდა და დასაქმება. ამაზე ყოველთვის მხოლოდ ლაპარაკი მიდის და შედეგად ვიღებთ იმას, რომ ეკონომიკა მცირედით იცვლება, ადამიანები უკმაყოფილოები არიან, ეს უკმაყოფილება კი იზრდება.

გიორხელიძე მიიჩნევს, რომ არსებული პრობლემების გართულება 20 ივნისის მოვლენებმაც გამოიწვია.

ექსპერტი ამტკიცებს, რომ ეს პროცესები აბსოლუტურად პროვოცირებული იყო.

„20–21 ივნისის აქციები, რომლებიც, პირდაპირ ვთქვათ, რომ არაფერში არ წერია!! რა ოკუპაცია? თითქმის 26 წელია, რაც ოკუპირებულები ვართ ქართული ხელისუფლებების უთაო სიტუაციის გამო. ამას 2008 წლის უბედურება დაემატა, ახალი ოკუპაცია და ახლა ვიღაც ჯგუფი აპროტესტებს იმას, რაც უკვე დიდი ხანია ისედაც აღიარებულია და სადაო არ არის. ეს მიზანმიმართული აქცია იყო, რომელსაც სიყალბის დიდი ნიშანი ეტყობოდა.

შეიძლება ითქვას, რომ დარტყმა ტურისტულ ბიზნესზე მიზანმიმართული იყო, რათა პრობლემები გაჩენილიყო. ქვეყანაში მთავრობის არასწორი პოლიტიკის გამო, ეკონომიკის მთავარ მამოძრავებლად ტურიზმია გადაქცეული, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ფინანსური, ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისები თუ მოხდა, ეს ტურისტული ნაკადი აღარ მოდის. 2008 წლის უზარმაზარმა კრიზისმა მსოფლიოში, ესპანეთის კატასტროფულმა მდგომარეობამ, ეს ნათლად უჩვენა, როცა მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი ტურისტული ინდუსტრიის მქონე ქვეყანა, ფაქტობრივად, გაკოტრდა. რატომ? არ ჩავიდა ხალხი. ეს გამოცდილება არსებობს, მაგრამ ჩვენ მაინც ავიკვიატეთ ეს ტურიზმი. ამაზე ეკონომიკის აწყობა კი ნიშნავს, რომ ეს დეინდუსტრიალიზებული პრიმიტიული ქართული ეკონომიკა განუვითარებლად ჩავტოვოთ შიგნით. სრულიად უაზრო მოსაზრებები მესმის, რომ ტურიზმიდან შემოსული ფულით მერე ჩვენ ფაბრიკა–ქარხნებს ავაშენებთ, განათლებაში ჩავდებთ და ა.შ. ასე არ ხდება.

ჯერ ერთი, ტურიზმში გამოყენებული რესურსით ვერ იქმნება ის მომსახურება და პროდუქცია, რომელსაც მაღალი დამატებული ღირებულება ექნება. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საკუთარი მწირი რესურსებით, გამოუყენებელი, არაეფექტური ეკონომიკის მდგომარეობაში. ცხადია, არაფერი შეიცვალა.

შიდა შოკია, რომელმაც გარკვეული პრობლემები გამოიწვია, რაც ახალი სულაც არ არის. წლებია, ლარს ფუნდამენტური პრობლემა აქვს და ჩვენ გვესმის იდიოტური, ნეოლიბერალური მოსაზრებები, რომ ბაზარი აკონტროლებს ლარის კურსს. ვის ატყუებენ ეს იდიოტები? რომელი ბაზარი აკონტროლებს? ორი ბანკი ვაჭრობს ბლუმბერგის ბირჟაზე. დღის განმავლობაში რა ოპერაციებიც ჩატარდება და რა კურსიც შეიკრიბება, გამოიყვანენ საშუალო არითმეტიკულს და ამას ეძახიან ბაზრის მიერ ჩამოყალიბებულ კურსებს. ამიტომ, ბაზრის მიერ კი არა, ეს არის ეროვნული ბანკის გადაქცევა იმ 2–3 ბანკის მომსახურე ფილიალად. შედეგიც შესაბამისია.

ჯერ ერთი, ქვეყანაში ფული ცოტაა. მშპ–ს 20%, ფულის მასა რასაც ჰქვია, მსოფლიოში არსად არ არის, ყველგან ერთი ერთზეა. ამიტომაა დოლარიზაციის დიდი ხარისხი. ლარის სიმცირის გამო და სტაბილური სავალუტო  წყაროების არქონის გამო ლარი ხან ზევით მიდის, ხან ქვევით. ამას სუბიექტური მომენტიც ემატება და ჩვენ ვიღებთ იმას, რომ ყოველი ვარდნის ან აწევის დროს, ადამიანების ჯიბიდან იღებენ ფულს. სულ ეს არის. ვის ჯიბეში მიდის? 2–3 ჯგუფის. ამიტომ, ეს პროცესი არალობირებული ბიზნესის წარმატებას გამორიცხავს. ფაქტობრივად, ამ სიტუაციაში რაიმე დაგეგმო ეკონომიკის საქმიანობის  ან მოხმარების თვალსაზრისით, არ გამოვა. ეს ყველაფერი კი აჩენს ნეგატიურ განწყობებს. ახლა სწორედ ეს ნეგარტიური განწყობებია, ლარს რომ ქვევით ექაჩება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სისულელეს ლაპრაკობს, თანაც უპასუხისმგებლოდ. მთავრობა მკაცრად არ ამბობს, რა იქნება. ადამიანები, ვისაც ინსაიდერული ინფორმაცია არ აქვს, შიდა ინფორმაცია, რჩებიან გაუკრვებლობაში, ინფორმაციულ ვაკუუმში დარჩენილნი. დანაკარგების მინიმიზაციისთვის, ამ ცუდ სიტუაციაში, მიდიან და ვალუტას ყიდულობენ. ვალუტა კი არ არის. შესაბამისად, ფასი ზემოთ მიდის.

- არის თუ არა იმის საშიშროება, რომ ეროვნული ვალუტის ნიშნული სამ ლარსაც ბევრად ასცდეს  და ამან კიდევ უფრო მეტად გამოიწვიოს იმპორტირებული თუ ადგილობრივი წარმოების საქონლის ზრდა?

- დაახლოებით სამი წლის წინ, როცა ლარი მაღალ ნიშნულზე იყო, ინტერვიუებში ვთქვი, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება და ისეთი ეკონომიკა, რომ ლარის რეალური კურსი 1.42 ან 2 ლარი ღირდეს. ჩინეთს აშშ უკვე წლებია ედავება, რომ ჩინური იუანი, ხელოვნურად დაბალ ნიშნულზე აქვთ გაჩერებული 1 დოლარი 8 იუანი ღირს. ეს ბრწყინვალე სტიმულირებაა ჩინეთის ექსპორტისა.

დოლარის საქონელი გაყიდა ამერიკაში, 8 ეროვნული ვალუტა მიიღო. ჩვენ ექსპორტი არ გვაქვს, არც ეკონომიკური ზრდა. როცა იზრდები, ინფლაციაცაა, მეტი ფულია, მეტი მოხმარება, ფასები მიდის, მაგრამ შემოსავლების ზრდა უფრო მეტია, ვიდრე ინფლაცია. ამიტომ, ადამიანები ამას იოლად იტანენ. ახლა რა ხდება? რეალური ხელფასები იკლებს, ფასები იზრდება, სრული გაურკვევლობაა, რა იქნება ხვალ და ზეგ და შესაბამისად, ეს აჩენს განწყობებს, რომლებიც უკვე პოლიტიკურ კონტექსტში გადადის.

- ასეთ ფონზე, ხომ არ უნდა ველოდოთ სოციალურ „აფეთქებებს“?

- არავითარი სოციალური აფეთქებები არ იქნება საქართველოში, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა, ძირითადი ნაწილი საკმაოდ ცუდად ცხოვრობს, ის კულტურა, რომ საკუთარი მოთხოვნები ინტერესი დაიცვას, არ ხდება. მას ან უყვარს ვიღაც ხელისუფალი, ან სძულს! ამიტომ, სანამ შეძულდება ყველაფერს იტანს, მერე, ახლის მოლოდინში ეს სძულდება, შემდეგ, ან რევოლუცია მოხდება, ან რაღაც უბედურება.

 

ავტორი: თამთა დადეშელი