„მივხვდი, რომ „შინდისი“ ძალიან მნიშვნელოვანი ფილმი იქნებოდა ჩემთვის“ - ექსკლუზიური ინტერვიუ „ოსკარზე“ გაგზავნილი ფილმის რეჟისორთან

01:21 08-01-2019

დღეს საკმაოდ სასიხარულო ფაქტი გავრცელდა. ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა. „ოსკარზე“ უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში, საქართველოდან დიტო ცინცაძის „შინდისი“ წარსდგება. ფილმი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირების რეალურ ამბებზეა. ამ ომის შესახებ მსოფლიოს რენე ჰარლინმა „აგვისტოს ხუთი დღით“ ომის გასვლიდან ორ წლის შემდეგ უამბო. ამჯერად დიტოს „შინდისით“ კიდევ უფრო დეტალურად შეიტყობენ ჩვენი პატარა ქვეყნის გმირების დაუვიწყარ ისტორიებს. შინდისის გმირების იშვიათი გმირობის ამბავი „პრაიმტაიმის“ მკითხველმა (და არა მხოლოდ მათ) კარგად იციან. მათზე პროექტ „გმირის“ ფარგლებში წიგნშიც დაიწერა... დარჩენილი იყო ფილმი და მსახიობ ედმონდ აბაშიძე-მინაშვილის ძალისხმევით ეს გენიალური იდეაც განხორციელდა. სწორედ ის გახლავთ ფილმის იდეის ავტორი და პროდიუსერი. ფილმის პროდიუსერია ასევე ვლადიმერ კაჭარა და მინდია ესაძე. ეს უკანასკნელი ფილმის ოპერატორიც გახლავთ. 

„მანდარინებიც“რუსეთ-საქართველოს ომზე გადაღებული ფილმია (აფხაზეთის), რომელიც „ოსკარზე“ გახლდათ ნომინირებული. დიტოს ფილმს წინ შიდა შესარჩევი ეტაპები ელის და მას წარმატებები უნდა ვუსურვოთ. 

ფილმი რეჟისორმა 2018 წელს გადაიღო. მას წინ უძღვის ედმონდ აბაშიძე-მინაშვილთან შეხვედრა, რომელიც ფილმის იდეის ავტორი გახლავთ. სოფიაში, სადაც დიტო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იყო, შედგა შეხვედრა ედმონდთან, ვოვა კაჭარავასთან და მინდია ესაძესთან. რეჟისორს „პრაიმტაიმი“ გერმანიაში დაუკავშირდა...

„ბევრი ფიქრის გარეშე დავთანხმდი ფილმის გადაღებას. იმ წამსვე მივხვდი, რომ „შინდისი“ ძალიან მნიშვნელოვანი ფილმი იქნებოდა ჩემთვის“ – „პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებს რეჟისორი.

სცენარის ავტორია ირაკლი სოლომონაშვილი. მან სცენარის რამდენიმე ვერსია დაწერა, კარგა ხანი იმუშავა საბოლოო სახის მიცემამდე, რომელიც რეჟისორთან ერთად დაასრულა. 

„შინდისის გმირებზე მანამდე გაგებული მქონდა ამბები, თუმცა დეტალები არ ვიცოდი და ედმონდმა გამაცნო. საოცარი ისტორიაა. გმირობაზე ლაპარაკი ძნელია, რადგად ადვილად შეიძლება პათეტიკაში გადასვლა. ძალიან ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით, რომ რაღაც უგემოვნობაში არ გადავსულიყავით. ძნელია ჩემთვის ფილმის შეფასება, თუმცა იმედი მაქვს, რომ თავი გავართვით. ბედნიერები ვართ, რომ ასე მოხდა.“

ფილმი მალე გადაიღეს, 27 დღეში. გადაღებები გორთან ახლოს სოფლებში მიმდინარეობდა. ომზე გადაღებულ ფილმში ჩვენ ვიხილავთ მსახიობებს: გოგა პიპინაშვილს, დათო ბახტაძეს, თამუნა აბშილავას, მარიამ ჯიბლაძეს, გიო გაბუნიას, თემურ გეგიძეს, ქეთა შათირიშვილს... „ამათ გარდა გმირების როლებში მოთამაშე ბიჭებს მადლობას გადავუხდი. გამოვყოფ რუსი გენერლის როლის შემსრულებელს დიმა ლუგოლს, მეორე მხარის მონაწილეებს და ანდრია თავბერიძეს. მადლობა ედმონდს, ვოვას და მინდია ესაძეს, ოპერატორს, რომლის ნამუშევარს როცა ფილმს ნახავთ მიხვდებით, თუ რა შრომა გასწია. და მადლობა მთლიანად მთელ შემოქმედებით ჯგუფს. 

- რითი დაგამახსოვრდებათ „შინდისის“ გადასაღები მოედანი?

- გადასაღებად გასვლის ყოველი დღე ბედნიერება იყო. საოცარი სულისკვეთება სუფევდა. ასევე იყო ერთიანობის შეგრძნება, სიყვარული და სითბო. ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის, საბრძოლო ეპიზოდების გადაღება უცხო იყო. აქამდე ბატალური სცენები არ გადამიღია და „შინდისში“ მომიწია პირველად. გადაღების პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო. 

- ბატონო დიტო, ფილმი „ოსკარზე“ უნდა მიდის. რა მომენტია ეს თქვენთვის?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. არანაკლებ  მნიშვნელოვანია ის, თუ რა მესიჯის ფილმი მიდის მსოფლიოსთვის საჩვენებლად. ბევრს ეს თემა დავიწყებული აქვს და ვიღაცებმა არც იციან ამ ომზე, ამ ისტორიებზე... ფილმს პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა ვთქვა, რომ ახლა არანაკლები სამუშაოა ჩასატარებელი, რომ ფილმის სათანადო დონეზე რეკლამირება მოხდეს. ვიცი, რომ სახელმწიფო დაგვეხმარება, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მინდა თავს უფლება მივცე და კერძო სექტორს ვთხოვო, რომ შეძლებისდაგვარად დაგვეხმარონ. ასეთი პოლიტიკური სიტუაცია მეტი შეიძლება არც გვქონდეს და ეს არ უნდა „გავმაზოთ“, როგორც ერთი ჩემი მეგობარი ამბობს. თემას დიდი მნიშვნელობა აქვს. ხომ ხედავთ, რა პოლიტიზებულია სამყარო და ამ სიტუაციაში აქცენტებია დასასმელი. 

ავტორი: თამარ გონგაძე