ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ეჭვებს აჩენს - ყანდაურელ მოხუცს შესაძლოა ალიბი გამოუჩნდეს

23:31 07-26-2019
388

გამოძიებამ მალევე იცოდა, რომ ომარ გამყრელიძე მკვლელი არ იყო, მაგრამ მას ბრალი არ მოუხსნეს - ასე აფასებს ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის გამოძიებას, გამყრელიძეების ოჯახის ადვოკატი, გილერ ენდელაძე. 

„პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა კიდევ ერთი საექსპერტო დასკვნა გახმაურებულ საქმეზე, რომელიც ადვოკატის ვერსიას ამყარებს. ამ დასკვნის მიხედვით, სასიკვდილო გასროლები, ზემოდან ქვემოთ მიმართულებით განხორციელდა და ყველა ჭრილობა სიცოცხლისთვის სახიფათოა.

როგორ ისროლა ასე დამიზნებით, დაახლოებით 50 მეტრიდან, მოხუცმა, რომელსაც ხელები უკანკალებს და თვალებიდან ძლივს იხედება? - ამბობს ენდელაძე „პრაიმტაიმთან“. 

ექსპერტის დასკვნის მიხედვით, სამ გარდაცვლილს ცეცხლანასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული, ერთს კი, კისრის არეში. არცერთ გარდაცვლილს სიკვდილის შემდეგ, გადაადგილების კვალი არ აღენიშნება. ოთხივე მათგანი მოკლულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, საგამოძიებო ორგანოებმა რამდენიმე ექსპერტიზა ჩაატარეს. ოთხი ადამიანის მკვლელობის და ერთის დაჭრისათვის კი დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობისათვის 85 წლის ომარ გამყრელიძე დააკავეს. ბრალის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ, გამოძიებამ ომარ გამყრელიძეს დანაშაული, თანამონაწილეობით, მკვლელობაში დახმარებად დაუკვალიფიცირა და საქმე განსახილველად სასამართლოს გადასცა.

შემთხვევა სამ მაისს მოხდა, რა დროსაც მოკლულები არიან გამყრელიძის შვილი და რძალია, ასევე მოეზობელი დედა-შვილი, დაახლოებით 2 თვის შემდეგ კი, მიყენებული ჭრილობების შედეგად, დაიღუპა გამყრელიძის ცოლიც.