როდის და რა მიზნით გადაწყვიტა ოქრუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვის „წილი“ დაეთმო

21:05 07-26-2019
7126

დღეს პოლიტიკური გემოვნების მიხედვით დაობენ, რომელი მოვლენა რომელს უსწრებდა - ოქრუაშვილის განცხადება „რუსთავი 2-ის“ საკუთრებაზე, თუ პროკურატურის განზრახვა ოქრუაშვილის დაპატიმრებაზე.

„პრაიმტაიმმა“ მოვლენების ქრონოლოგია მის თანაგუნდელთან, კოტე კემულარიასთან ერთად გაიარა. ცნობისთვის, კემულარია და ოქრუაშვილი სააკაშვილის ხელისუფლების პირობებშიც ერთ გუნდში იყვნენ. მაშინ ორივე მინისტრი იყო: კემულარია იუსტიციის, ოქრუაშვილი კი - თავდაცვის.

როცა ვარდების ხელისუფლებამ ოქრუაშვილი დააპატიმრა, კემულარიასაც დატოვებული ჰქონდა მაღალი სახელისუფლებო პოსტი (ის 2005 წლის თებერვლამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო).

„პრაიმტაიმთან“ მისი საუბარი 2007 წლის მოვლენებსაც შეეხო:

- ბატონო კოტე, თქვენ ამბობთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე გაკეთებული განცხადების გამო დააკავეს. ასეა?

- დიახ.

- ეს განცხადება მან გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, 20 ივლისს გააკეთა. საქმის გამოძიება კი, რომლის ფარგლებშიც ის გუშინ დააკავეს, 21 ივნისს დაიწყო და თავიდანვე გაცხადებული იყო, რომ ოქრუაშვილი ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გახლდათ. ანუ ერთი თვით ადრე იცოდა გამოძიებამ, ერთი თვის შემდეგ სტრასბურგს რომ ხალვაში მოიგებდა, მას კი ოქრუაშვილი შეედავებოდა საკუთრებას?

- არა. ჩვენ ვამბობთ, რომ მისი პატიმრობაა კავშირში მის მიერ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებთან. თორემ მანამდე მთელი ერთი თვე დადიოდა ისე, რომ გამოკითხვაზეც არავის დაუბარებია.

- ოქრუაშვილმა 2015 წელს გააკეთა პირველად განცხადება, რომ პრეტენზია ჰქონდა „რუსთავი 2“-ზე“ და 2010 წელს ხემოწერილი დოკუმენტის არსებობის შესახებაც მაშინ ალაპარაკდა. თუ ტელეკომპანია არის მისი პატიმრობის რეალური მიზეზი, მაშინ რატომ არ დააკავეს თქვენი აზრით?

- მაშინ ირაკლი ხალვაშს ფინანსურ ნაწილში ედავებოდა და 7 მილიონს თხოვდა. მერე ხანდაზმულობა გავიდა. ახლა კი, ხალვაში რომ გახდა „რუსთავი 2“-ის ოფიციალური მფლობელი, მას უკვე მიეცა საშუალება, საკუთრებაზე დაეწყო დავა და სასამართლოს მიმართა. ამიტომაც არის კავშირში მისი პატიმრობა „რუსთავი 2“-თან.

- სანამ 2007 წელს დაიჭერდა სააკაშვილი ოქრუაშვილს, მანამდეც მწვავე განცახდებებს აკეთებდა იმ ხელისუფლების მიმართ, რომელშიც ერთხანს თქვენც იყავით. ეს მისი ერთგვარი ხელწერა ხომ არ არის?

- მაშინაც ირაკლი ამბობდა სიმართლეს და იმიტომ დაიჭირეს. ახლაც ასეა და თუ ვინმეს აქამდე არ სჯეროდა მისი, ახლა დარწმუნდა, რომ მართალი იყო. ის უშიშარი ადამიანია.

- გერმანიიდან საქართველოში მის დაბრუნებამდე ორი დღით ადრე დააპატიმრეს ოქრუაშვილის დაცვის უფროსი. მაშინ მან დაწერა, რომ აქვს ინფორმაცია მისი დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილებაზეც. ანუ, არც ამ ინფორმაციის მიღების დროს ჰქონდა გაკეთებული განცხადება, რომ ხალვაშს „რუსთავი 2“-ს შეედავებოდა. მხოლოდ ამის შემდეგ თქვა, რომ სარჩელს შეიტანდა და მისი მოთხოვნის 80%-ს ჟურნალისტებს უსასყიდლოდ გადასცემდა. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც განცხადებამდე იცოდა, რომ დააპატიმრებდნენ და რა შუაშია ტელეკომპანია?

- ჩვენ არ გვითქვამს, რომ მარტო „რუსთავი 2“-ია შუაში. ჩვენ ვთქვით, რომ მისი განცხადებების გამო დააპატიმრეს. ერთი ტელევიზიას შეეხებოდა, მეორე იმას, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი შოთაძე ახდენდა მასზე ზეწოლას და ეს უსუფაშვილმაც დაადასტურა და მესამე - ბევრი რამ მაქვს სათქმელიო...

- და მაინც, როცა ჯერ პატიმრობამდე ჰქონდა ინფორმაცია და მერე გააკეთა ცნობილი განცხადება ტელეკომპანიასთან დაკავშირებით, ხომ არ არის ლოგიკური თქვენი ოპონენტების ეჭვი, რომ მან ამ განცხადებით თავი დაიზღვია, რომ არ დაეჭირათ და თუ მაინც ეს მოხდებოდა, ისრები რუსთავი 2-ისკენ მიემართებოდა და არა იმ დანაშაულისკენ, რასაც მას პროკურატურა სინამდვილეში ედავება.

- ეს არის ტვინგაღუნული ოპონენტების აზროვნება..