Exclusive: განზრახ მკვლელობის ნაცვლად, განზრახ მკვლელობაში დახმარება - სკანდალური დეტალები ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეში

22:27 07-22-2019
44696

„პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ყანდაურაში ორი თვის წინ მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმის გამოძიება 85 წლის ომარ გამყრელიძისა და ომარ გამყრელიძე უმცროსის მიმართ, უკვე დასრულდა და საქმე სასამართლოს განსახილველად გადაეცა. თუმცა, საქმის მიხედვით, ომარ გამყრელიძეს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ნაცვლად, ოჯახის წევრების მიმართ, თანამონაწილეობით, განზრახ მკვლელობაში დახმარება ედება ბრალად. ბრალდების ახალი ფორმულირება მიგავნიშნებს, რომ გამოძიებამ, საქმე ნოდარ გამყრელიძის მიმართ, ცალკე გამოყო. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ეს ასეც არის.

მოგეხსენებათ, რომ 2019 წლის 3 მაისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში, სასტიკი მკვლელობა მოხდა. ოფიციალური ვერსიით, 85 წლის ომარ გამყრელიძემ, ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. ამავდროულად, მამაკაცმა დაჭრა ავადმყოფი მეუღლეც, რომელიც თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ, გარდაიცვალა.

85 წლის ომარ გამყრელიძეს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინეს და დააპატიმრეს.

გამოძიების ვერსიით, მან ოთხი პირის მკვლელობა და ერთის დაჭრა, ორი იარაღით ჩაიდინა. ერთ-ერთი მათგანი -ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი - მკვლელობის ადგილზე არ აღმოჩნდა და დღემდე ნაპოვნი არ არის. შემთხვევის ადგილზე, გამყრელიძის სახლიდან და ფარდულიდან, პოლიციამ დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და იარაღი ამოიღო. საბრძოლო მასალა ამოიღეს მსუბუქი ავტომობილიდანაც, რომელიც ბრალდებულის შვილიშვილს, ომარ გამყრელიძე უმცროსს ეკუთვნოდა. ამის შემდეგ, გამყრელიძე უმცროსი დააკავეს და ბრალი დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვისათვის წაუყენეს. მოგვიანებით გაჟღერდა, რომ გამოძიება კიდევ ერთ პირს, ყოფილ სპეცრაზმელს, ომარ გამყრელიძის 51 წლის ვაჟს, ნოდარ გამყრელიძესაც ეძებდა. ასეთია ამ შემზარავი დანაშაულისა და საქმეზე მიმდინარე გამოძიების მოკლე ანატომია.

პრაიმტაიმისათვის“, ასევე ცნობილი გახდა, რომ მოხუცი გამყრელიძე, ბრალს არ აღიარებს და არც მკვლელობის შემსრულებლის ვინაობას ასახელებს. თუმცა, პროცესუალურად, ყოფილი სპეცრაზმელისათვის დაუსწრებლად ბრალის წაყენება და ძებნილად ოფიციალურად გამოცხადება, გამოძიებას უკვე შეუძლია.

ასევე ექსკლუზიური ინფორმაციით, ამ საკითხში, გამოძიებას მნიშვნელოვანი დახმარება ომარ გამყრელიძე უმცროსმა გაუწია. საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ნოდარ გამყრელიძე მკვლელობის დღეს, სახლში სწორედ საკუთარმა შვილმა, გამყრელიძე უმცროსმა მიიყვანა. ის მკვლელობას არ შესწრებია, თუმცა კამათის შესახებ, რომელიც ოჯახში მოხდა, მან გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა. ასე, რომ, 51 წლის სპეცრაზმელის მკვლელობის ადგილზე ყოფნა, გამოძიებისათვის, უკვე დადასტურებულ ფაქტად მიიჩნევა.

რაც შეეხება გამყრელიძეების დაცვის პოზიციას, ოჯახის ადვოკატმა, გილერ ენდელაძემ, რამდენჯერმე დაადასტურა „პრაიმტაიმის“ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ მკვლელობის იარაღზე, 85 წლის გამყრელიძის კვალი არ იკვეთება. მას არავინ მოუკლავს და ეს მალე დადასტურდება - განაცხადა ენდელაძემ.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა ფრიდონ გამყრელიძემაც, რომლის პირველი ჩვენების საფუძველზეც, პოლიციამ მოხუცი გამყრელიძე დააკავა. ჩვენების შეცვლას ის იმით ხსნის, რომ გამოძიების ვერსიის არ სჯერა.

ჩემს ვაჟს, მეუღლეს და კიდევ ორს, ომარი მიჯრით სროლით, ორი იარაღიდან ვერ მოკლავდა, - ამბობს ფრიდონ გამყრელიძე, რომელმაც ამ ტრაგედიის დღეს ცოლ-შვილი დაკარგა.

პრაიმტაიმმა“ გაარკვია ისიც, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძემ სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატის აცილება უკვე ორჯერ ითხოვა. მეორე თხოვნით მან გამოძიებას დაახლოებით ერთი კვირის წინ, ციხის საავადმყოფოში ყოფნისას მიმართა. სახაზინო ადვოკატი, ირინა იჩუკაიძე საქმის დეტალებზე საუბარს თავს არიდებს, თუმცა ამბობს, რომ ომარ გამყრელიძეს უფლება აქვს ადვოკატის აცილება მოითხოვოს.

„რაკი ახლა უკვე განსასჯელს ასე სურს, სასამართლო სხდომაზე აცილების საკითხს მეც დავაყენებ. ვნახოთ, რას გადაწყვეტს მოსამართლე“ -უთხრა პრაიმტაიმს იჩუკაიძემ.

წინასასამართლო სხდომა 25 ივლისს გაიმართება. დაცვის მხარეს, პროცესუალურად, შესაძლებლობა აქვს განსასჯელების, ომარ გამყრელიძისა და მისი შვილიშვილისათვის, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენოს. პრაიმტაიმის ინფორმაციით, ის ამ უფლებას გამოიყენებს.სასამართლო სხდომა პასუხს გასცემს კითხვებსაც, რომელიც ამ საქმეზე ექსპერტიზის დასკვნების ირგვლივ არსებობს. ეს შეკითხვები, დანაშაულისა და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იარაღებზე აღმოჩენილ დნმ-ის კვალს შეეხება. სასამართლოზე გაირკვევა ისიც, აირჩევს თუ არა ომარ გამყრელიძე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამოყენების შესაძლებლობას.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი