„წასვლა არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა“ - გიორგი გახარია

20:23 07-11-2019
545

„წასვლა არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა“, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ 20 ივნისის ღამის შემდეგ პირველ სატელევიზიო ინტერვიუში გადაცემა „რეაქციაში განაცხადა.

„ ეს არის არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევა. როდესაც ეს ახალგაზრდები გულწრფელად გამოთქვამენ თავის აზრს და შეცოდებაზე საუბრობენ, მათ ჯერ არ აქვთ გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს იყო სახელმწიფო სამსახურში, რას ნიშნავს, საქართველოსნაირ ქვეყანაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და რას ნიშნავს, როდესაც შენი ქვეყნის პარლამენტი, ბოლო 30 წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ იყო შტურმით აღებული.... როდესაც ოკუპაციის საფარვეშ კონკრეტული პოლიტიკოსები ადამიანების ემოციებს გადააქცევენ ფიზიკურ შეტევად პარლამენტის შენობაზე და ცდილობენ შეჭრას პარლამენტში და ვერ ხსნიან, რა უნდა ყოფილიყო შემდეგი ნაბიჯი... და შენ შინაგან საქმეთა მინისტრი დგახარ გადაწყვეტილების წინაშე - გადაარჩინო შენი იმიჯი და შეუთანხმდე რაღაც კომპრომისს, ან მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება, რასაც თვლი, რომ არის სწორი და კანონიერი. ხაზგასმით მინდა ეს აღვნიშნო და ვუთხრა ყველას - იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც ახლა გარეთ დგანან და სწამთ, რომ სწორ და მართალ საქმეს აკეთებენ და იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებსაც ვხედავდი მათ ზურგს უკან, ფონს რომ უმაგრებენ, კონკრეტული პარტიის კონკრეტულ აქტივისტებს - მინდა მათ ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაში ძალის გამოყენებით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, პარლამენტის შენობაში შეჭრით, ძალაუფლების შეცვლა ან სხვა სახის პოლიტიკური პრეფერენციის მოპოვება, შეუძლებელი უნდა იყოს.- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერვიუ სტუდიის შენობასთან აქცია „სირცხვილიას“ ფონზე მიმდინარეობს.