აშშ საერთაშორისო სამხედრო კოალიციის შექმნას გეგმავს

11:40 07-10-2019
19

ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს, შექმნას საერთაშორისო სამხედრო კოალიცია, რომელიც ირანსა და იემენთან არსებულ წყლებს დაიცავს. ამის შესახებ აშშ-ს გენშტაბის ხელმძღვანელმა განაცხადა. გენერალი ჯოზეფ დანფორდის თქმით, მას სურს „თავისუფალი ნავიგაციის უზრუნველყოფა“ რეგიონში, რაც სავაჭრო მარშრუტებისთვის არის საჭირო.

ამ საკითხის განსახილველად, გენერალი ჯოზეფ დანფორდი აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელ მარკ ესპერს შეხვდა.

გენერლის განცხადებით, აშშ რამდენიმე სახელმწიფოსთან თანამშრომლობს იმის დასადგენად, შეძლებს თუ არა ოფიციალური ვაშინგტონი საერთაშორისო სამხედრო კოალიციის შექმნას. უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში, აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს და გაარკვევს, თუ სპარსეთის ყურის რომელ ქვეყნებს სურთ კოალიციის წევრობა.

კერძოდ, საუბარია ბაბ-ელ-მანდებისა და ჰორმუზის სრუტეებში თავისუფალი ნავიგაციის კონტროლზე.

ასეთი კოალიციის შექმნის საჭიროებას აშშ მას შემდეგ ხედავს, რაც ვაშინგტონმა თეირანი ნავთობ-ტანკერებზე განხორციელებულ თავდასხმაში დაადანაშაულა. ჯამში, მაისსა და ივნისში აღნიშნულ რეგიონში, 6 ტანკერზე მოხდა თავდასხმა.

გარდა ამისა, სპარსეთის ყურეში, ირანის სამხედრო ძალებმა აშშ-ს უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ოფიციალური თეირანის განცხადებით დრონმა ირანის საჰაერო სივრცე დაარღვია, რასაც აშშ უარყოფს.

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2018 წელს, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ვაშინგტონმა ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა და თეირანს სანქციები განუახლა. ამავე ხელშეკრულების რამდენიმე დებულების დარღვევა უკვე დაიწყო თავად ირანმაც.

ავტორი: მარიამ გიგანი