ვარკეთილში აფეთქების შედეგად დაშავებულების შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

09:20 07-10-2019
52

ვარკეთილში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 18 წლის მამაკაცი ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

ექიმ მანანა ლობჟანიძის ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანისას პაციენტს მეტალის ნაწილაკებით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა.

„პაციენტს აღენიშნებოდა მრავლობითი ზედაპირული ჭრილობები. დაზიანებული იყო მხოლოდ რბილი ქსოვილები. დამუშავდა ჭრილობები, გაეწია ვიწრო სპეციალისტების კონსულტაციები, გამოკვლევები ჩატარდა და გადაყვანილი არის შემდგომი მკურნალობისთვის სტაციონალურ განყოფილებაში. ზედაპირული ჭრილობები იყო მიყენებული მეტალის ნაწილაკებით”, - განაცხადა მანანა ლობჟანიძემ.

შემთხვევის შედეგად დაშავებულ კიდევ ერთ მამაკაცს „ამტელის” კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

ვარკეთილის სამხედრო დასახლების ერთ-ერთ კორპუსში გვიან ღამით ხელყუმბარა შეაგდეს. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

ფაქტზე გამოძიება 19,109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში.