70 დღეში მოკლული 140-ზე მეტი ბავშვი -UNICEF გაფრთხილებას ავრცელებს

11:28 07-09-2019
10803

სირიის იდლიბისა და ჰამას პროვინციაში 70 დღეა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. სირიის სამთავრობო ძალებს, ამბოხებულთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დასაბრუნებლად, რუსეთი ეხმარება.

ბაშარ ალ ასადისა და ვლადიმერ პუტინის ერთობლივ იერიშებს, ბოლო 70 დღეში 500 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის 100-ზე მეტი ბავშია. ამ მონაცემებს გაეროს ბავშვთა ფონდი ავრცელებს. UNICEF-ში აცხადებენ, რომ სირიაში საომარი მოქმედებების შედეგად მოკლული ბავშების რაოდენობა შემაშფოთებელია. ამ ფაქტს Aljazeera-მ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა. 

უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავები იდლიბსა და ჰამას პროვინციაში, დასახლებულ პუნქტებსაც ბომბავენ.

UNICEF-ის წარმომადგენელი გერტ კეიპლერი აცხადებს, რომ სირიისა და რუსეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ იერიშებს 140-ზე მეტი ბავშვი ემსხვერპლა. მისი თქმით, მცირეწლოვანები დაიღუპნენ ბოლო 48 საათის განმავლობაში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგადაც და ეს მხოლოდ გაეროს ხელთ არსებული მონაცემებია. გერტ კეიპლერი ვარაუდობს, რომ რეალური სურათი კიდევ უფრო მძიმეა.

სირიაში, რუსეთისა და თურქეთის ეგიდით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გასულ წელს გამოცხადდა, თუმცა ზავი მიმდინარე წლის აპრილში დაირღვა და ბაშარ ალ ასადმა, რუსულ ძალებთან ერთად, იერიშები განაახლა. გაერო მოუწოდებს მხარეებს, შეწყვიტონ ცეცხლი და განაახლონ ჰუმანიტარული დერეფნები.

სირიაში ომი 7 წელია გრძელდება. იდლიბის და ჰამას პროვინცია ის უკანასკნელი ტერიტორიებია, სადაც ამბოხებულები ჯერ კიდევ არიან გამაგრებული.