აქტიურ რეზერვში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

11:08 07-06-2019
134

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიურ რეზერვში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან ქალაქ თბილისის, მცხეთისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრები 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები.

მათ შესაძლებლობა აქვთ რეზერვის პროგრამაში ჩაირიცხონ ისე, რომ სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და პარალელურად დამატებთი ანაზღაურება მიიღონ.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

„ტერიტორიული რეზერვის პროგრამაში ჩარიცხვის შემთხვევაში რეზერვისტს სამუშაო ადგილი უნარჩუნდება და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. საერთო ჯამში, სამხედრო სამსახურის პერიოდში რეზერვისტის წლიური მინიმალური ანაზღაურება ხელზე ასაღები 2700 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება.“ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.