ICT - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში 3000 სპეციალისტი გადამზადდება

13:23 07-04-2019
16

ICT - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში 3000 სპეციალისტი გადამზადდება. პროგრამა მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 7 მილიონ ლარს (2,5 მილიონ აშშ დოლარს) შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საიმნისტრო ავრცელებს.

საერთაშორისო ტენდერი 3000 ICT სპეციალისტის გადასამზადებლად 4 ივლისს გაიხსნა. ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკა ალავიძე და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.

„მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით  ჩვენ გვეყოლება თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული 3000 მაღალანაზღაურებადი, კვალიფიციური კადრი. დღეს დავიწყეთ მართლაც უპრეცედენტო პროექტი, რაც გულისხმობს ტექნოლოგიების სფეროში 3000 კადრის გადამზადებას. ამ პროექტის მხარდამჭერია მსოფლიო ბანკი და რესურსებით უზრუნველყოფა სწორედ მათი მხრიდან მოხდება. 3000 ადამიანს შესაძლებლობა მიეცემა ტექნოლოგიების სფეროს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის - მონაცემთა ბაზების დამუშავების, პროგრამირების, ბლოკჩეინისა და სხვა მიმართულებებით გაიარონ გადამზადების კურსები. შემოდგომიდან დაიწყება გადამზადების საერთაშორისო პროგრამები, რომლის გავლის შემდეგ, კურსადმთავრებულებს მიეცემათ საერთაშორისო სერთიფიკატები. ეს პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტექნოლოგიების სფეროს განვითარებას და ახალი, კვალიფიციური კადრების მომზადებას.“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

პროგრამის ფარგლებში 2019 წლის შემოდგომიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა გაიაროს უფასო კურსი პროგრამირების, მონაცემთა ბაზების, კიბერუსაფთხოების, ქსელების, პროექტ-მენეჯმენტის, დიზაინის, ბლოკჩეინისა და სხვა მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით, ასევე მოიპოვოს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული სერთიფიკატი.