ქალები სპეცრაზმში - რისთვის და ვისთან საბრძოლველად სჭირდება სახელმწიფოებს ქალები

10:27 07-04-2019
46

2018 წლის ოქტომბერში, დიდ ბრიტანეთში ქალებს ქვეყნის შეიარაღებული ძალების ყველა დანაყოფში მსახურების უფლება მისცეს. ახლა მათ სპეცდანიშნულების რაზმებშიც (როგორც საავიაციო, ასევე საზღვაო) შეუძლიათ მსახურება. 

ნორვეგია

ნორვეგია ნატოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც 1980-იანების შუა წლებიდან ქალებს საბრძოლო დანაყოფებში სამსახურის უფლება მისცა. ნორვეგია გახდა ასევე სამხედრო ბლოკის პირველი ქვეყანა, რომელმაც 2016 წელს ჯარში სავალდებულო მსახურება ქალებზეც გაავრცელა.

2014 წელს ავღანეთში საბრძოლო მოქმედებების გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიარაღებული ძალების სარდლობამ დაასკვნა, რომ ნორვეგიულ არმიას სჭირდებოდა კარგად გაწრთვნილი ქალი-სამხედროები სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისა და ადგილობრივ ქალებთან კონტაქტების დამყარებისათვის. სწორედ ამიტომ ნორვეგიაში ჩამოყალიბდა მსოფლიოში პირველი ქალების სპეცრაზმი Jegertroppen („მონადირეთა რაზმი“).

გერმანია

გერმანიაში, 2011 წელს, თავდაცვის ფედერალურმა სამინისტრომ განაცხადა, რომ KSK-ში მისაღებ გამოცდებზე ქალი-კანდიდატებისთვის პირობებს შეამსუბუქებდა, KSK - ბუნდესვერის საიდუმლო სამხედრო ნაწილია, რომლის სპეციალიზაციაა სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციები და მძევლების გათავისუფლება. ამ დანაყოფში ქალების არსებობის შესახებ ზუსტი ცნობები არ არსებობს.

ისევე როგორც ნორვეგიული სარდლობა, KSK-ს ხელმძღვანელობამ დაასკვნა, რომ ქალი სამხედრო მოსამსახურეები მუსლიმურ ქვეყნებში ოპერაციებისას შეუცვლელები არიან.

ამერიკის შეერთებული შტატები

პენტაგონმა ქალებს ყველა საბრძოლო დანაყოფში, მათ შორის ელიტურში, მსახურების უფლება 2015 წლის ბოლოს მისცა.

2017 წლის ივლისში, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადეს პირველი ქალი კანდიდატის შესახებ, რომელსაც სამხედრო-საზღვაო სპეცრაზმის SEALS ძირითად დანაყოფში უნდა ემსახურა. თუმცა საზღვაო-სასწავლო ცენტრში რამდენიმეკვირიანი წვრთნის შემდეგ ქალმა სპეცმომზადების გაგრძელებაზე უარი თქვა.

ჩინეთი

2013 წლის მარტში, ჩინეთში შეიქმნა მთლიანად ქალებისგან დაკომპლექტებული სპეცრაზმი. ის ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის სპეციალური დანიშნულების არმიის ნაწილია.

სამხედრო მოსამსახურეთა უმრავლესობის ასაკი 28 წლამდეა. რაზმში მოსახვედრად ახლწვევამდელ ქალებს სამი ეტაპის გავლა უწევთ: საბაზო ფიზიკური, პროფესიული და სპეციალური მომზადება.