„ნუტრიის მოკვლა დამოუკიდებლად არ გადამიწვეტია“ - მურად გეთია „პრაიმტაიმთან“ პირველ განმარტებას აკეთებს

18:40 06-12-2019
1453

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტომ, რომლითაც ზუგდიდელი მურად გეთია ნუტრიას მოკვლით და გატყავებით თავს იწონებს, მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია. წერენ, რომ  გეთია „სადისტია“, ცხოველებსაც აქვთ უფლებები და რომ წამებაზე პასუხი უნდა აგოს.

„პრაიმტაიმის“ საშუალებით მურად გეთია საზოგადოებას მიმართავს. როგორც ის ამბობს, ცხოველის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება თვითნებურად არ მიუღია. ნუტრიამ ოჯახს მოსავალი და შინაური ფრინველები თითქმის სულ გაუნადგურა.

„მთელ საზოგადოებას მინდა მივმართო - ნუტრიის მოკვლა დამოუკიდებლადა არ გადამიწვეტია. ჯერ გარემოს დაცვის დეპარტამენტს, შემდეგ  - ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას დავუკავშირდი და ნუტრიების წაყვანა ვთხოვე. მათგან მივიღე პასუხად, რომ მე თვითონ უნდა მეზრუნა ლიკვიდაციაზე. ჩემს ეზოსა და ბოსტნებში 7-8 ნუტრიაა, ამათი დაჭერა ძალიან რთულია. ყველაფერი გამინადგურეს: ქათმები, წიწილები, კომბოსტო, ნიგოზი, კიტრი, პომიდორი და ყველაფერი, რაც დათესილი გვქონდა. ამიტომ, ჩემი ოჯახისთვის აუცილებელი იყო ნუტრიებისგან ნათესების გათავისუფლება. რადგან მომცეს უფლება, მეც მოვკალი.

სხვადასხვა ორგანიზაციებს იმიტომ დავუკავშირდი, რომ ერთი მხრივ, კანონდამრღვევი არ მინდოდა ვყოფილიყავი და მეორე მხრივ, მერჩია ცოცხლები წაეყვანათ, რადგან ეს ნუტრიაც გადაშენების პირას მყოფი ცხოველია, რომლებიც კომუნისტებმა 1932 წელს გასამარავლებლად შემოიყვანეს. თუმცა, ნუტრიებმა ჩვენს რეგიონში სრულად გაანადგურეს კოლხური კაკაბი, რომელიც ვერ დაფრინავს და თავს ვერ იცავდნენ მათგან. თითოეულ ორგანიზაციასთან საუბრის სატელეფონო ჩანაწერი არსებობს და საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებ“ - განმარტავს მურად გეთია.

„პრაიმტაიმი“ გარემოს დაცვის დეპარტამენტს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს მუშაობა. „პრაიმტაიმი“ მკითხველს დამატებით დეტალებს მოგვიანებით შესთვაზებს. 

ავტორი: თამარ ბუჩუკური