მალხაზ მაჩალიკაშვილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

10:34 06-12-2019
30

მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა და მისმა მეუღლემ პარლამენტთან ჟურნალისტებს განუცხადეს, მათი მიზანია ზაფხულის განმავლობაში 100 000 ხელმოწერა შეაგროვონ და კომისიის შექმნის მოთხოვნით განაცხადი მორიგ ჯერზე საშემოდგომო სესიისთვის გააკეთონ.

ხელმოწერების შეგროვება იგეგმება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე პარლამენტის შენობასთან, სადაც ამ დრომდე კარვებია გაშლილი და მაჩალიკაშვილის საქმეზე პროტესტი გრძელდება.

საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებულია სპეციალური დაფა, სადაც დღეს პირველი ხელმოწერა სანდრა რულოვსმა დააფიქსირა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაზე გვინდა, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ეს წინადადება უკვე ორჯერ იყო შესული პარლამენტში, მაგრამ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოგროვდა. ამ შენობაში, სადაც პარლამენტია, სამწუხაროდ, დაკომპლექტება არ არის ზუსტი ანარეკლი, რა აზრიც არსებობს საზოგადოებაში. ჩვენ ამ პეტიციით გვინდა იმის დადასტურება, რომ ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს მაჩალიკაშვილის ოჯახს და ამ თხოვნით ამაში დავეხმარებით. ვივლით რეგიონებში მთელი ზაფხულის განმავლობაში და გვექნება ხალხთან შეხვედრა. ეს იქნება ზოგადი პეტიცია, ხალხის პეტიცია. შევეცდებით, შევაგროვოთ ასი ათასობით ხელმოწერა და პარლამენტი იძულებული უნდა იყოს, შეიქმნას საგამოძიებო კომისია,“ - აცხადებს სანდრა რულოვსი.

ავტორი: ბექა პატურაშვილი