ჟურნალისტის ბრალდებას, რომ მას პოლიციელებმა შეურაცხყოფა მიაყენეს შსს ეხმიანება

12:51 06-10-2019

Qartli.ge-ს ჟურნალისტ საბა წიწიკაშილის განცხადებას, რომ მას პოლიციელებმა შეურაცხყოფა მიაყენეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმიანება.

უწყებაში აცხადებენ, რომ მომართვიანობის შემთხვევაში, ფაქტზე მოკვლევა დაიწყება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გუშინ, ღამის საათებში ტარდებოდა ოპერატიული ღონისძიება, რა დროსაც სამინისტროს ბალანსზე რიცხული ოპერატიული ავტომობილი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე ამოტრიალდა და დაზიანდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფაქტის გაშუქების მიზნით, ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მივიდა ადგილობრივი მედიასაშუალების qartli.ge-ს რედაქტორი.

მოგვიანებით მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილი ჰქონდა მის საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტს. მომართვის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია დაიწყებს შესწავლას, ადგილი ჰქონდა თუ არა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლის შესაძლო ფაქტს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

გორთან ავტობანზე პოლიციის მანქანა ამოტრიალდა. შემთხვევა მდინარე ლიახვის ხიდზე ღამის 3 საათზე მოხდაა.

Qartli.ge-ს ჟურნალისტი საბა წიწიკაშილი აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილთან ფოტო და ვიდეო მასალის გადასაღებად მივიდა, რა დროსაც მას  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.