„ავიატორ+"-ის მენეჯერი - გავრცელდა რამდენიმე აბსურდული ვერსია, გამოძიება საერთაშორისო დონეზე ჩატარდება

18:21 06-08-2019

რა ეტაპზეა ყაზბეგში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიება - საქმესთან დაკავშირებით განმარტებები დღეს თბილისში, სასტუმრო „რუმსში გამართულ პრესკონფერენციაზე ავიატორ+-ის დირექტორის მოადგილემ, გიორგი მოლოდინაშვილმა გააკეთა. 

მისი თქმით, ვერტრმფრენმა შემოწმების შემდეგ, როგორც რეგლამენტითაა გათვალისწინებული, სატესტო ფრენა შეასრულა. წარმატებული სატესტო ფრენის შემდეგ, ვერტმფრენი დაშვებული იქნა კომერციულ ფრენებზე.

როგორც მოლოდინაშვილი აღნიშნავს, მომხდართან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში რამდენიმე აბსურდული ინფორმაცია გავრცელდა. კომპანიის დირექტორის მოადგილის განცხადებით, ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების დადგენა პირველ რიგში, მათ ინტერესებში შედის. 

ეს საქმე, საერთაშორისო დონისაა. ვერტმფრენი აშშ-ში იყო გამოშვებული, ასევე მას გააჩნდა მაღალი ტექნოლოგიების ძრავა, რომელიც ფრანგული კომპანიის მიერაა გამოშვებული. ყველა სპეციალისტი ჩაერთვება პროცესში. ამ საქმემ საერთაშორისო მასშტაბი შეიძინა და საერთაშორისო დონეზე ჩატარდება ამ კონკრეტული შემთხვევის კვლევა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენს არ ჰქონდა გარკვეული აღჭურვილობები, საუბარია, შავ ყუთზე. შავი ყუთი ამ კლასის ვერტმფრენისთვის განსაზღვრული არ არის და არც უნდა ჰქონოდა. რაც შეეხება სხვა ტექნოლოგიებს, ვერტმფრენი უმაღლესი კლასის იყო და მას გააჩნდა ძალიან მაღალი კლასის ტექნოლოგიები. ვერტრფრენმა ტექნიკური დათვალიერება 2019 წლის 22 მაისს გაიარა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გვაქვს. ტექნიკური დათვალიერება ჩატარდა ლიცენზირებული, მაღალი დონის კომპანიის მიერ. მთელ პროცესს ზედამხედველობას უწევდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. ასევე გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ მესამე ადამიანი, სასტუმროს თანამშრომელი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, ის არ უნდა ყოფილიყო და რომ ის წონის დაბალანსების გამო იმყოფებოდა. ბორტზე ის ადამიანი თავისი სურვილით და ცხადია, მფრინავის თანხმობით იყო. აღნიშნული ბორტით დაფრინავდა ყველა თანამშრომელი, მათ შორის, მეც, - განაცხადა მოლოდინაშვილმა.

ის საზოგადოებას მოუწოდებს, წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.

„ამაზე სპეკულაცია უნდა დასრულდეს და ანგარიში უნდ გავუწიოთ გარდაცვლილთა ოჯახებს და მათ არასწორი ინფორმაცია არ უნდა მივაწოდოთ. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია და ნუ გააკეთებენ ნაადრევ დასკვნებს მომხდარის, ან სხვა მიზეზების შესახებ. დაწყებულია დამოუკიდებელი მოკვლევა მოკვლევის ბიუროს მიერ, ჩართულები არიან, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპეციალისტები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება ინფორმაციის მოწოდება. ჩვენც გვაინტერესებს რა მიზეზი იყო. მხოლოდ სპეციალისტების დასკვნების შემდეგ მოხდება შედეგების დადება. მოკვლევა დაადგენს კონკრეტულ მიზეზებს, - განაცხადა მოლოდინაშვილმა.

კითხვაზე, ვერტმფრენის ძრავა იყო თუ არა, შესაბამისი ყაზბეგის რელიეფისთვის, მოლოდინაშვილი პასუხობს, რომ ძრავი ექსპლუატაციის ნორმებს შეესაბამებოდა.

ვერტრმფრენს ის ძრავა ჰქონდა, რაც ამ კლასის ვერტმფრენს უნდა ჰქონოდა, სრულად შეესაბამებოდა ექსპლუატაციის წესებს და მოთხოვნებს. მოკვლევის პროცესში უნდა დადგინდეს, ვისთან ჰქონდა მფრინავს კომუნიკაცია. მფრინავი კომუნიკაციას ახდენს, საჰაერო ნავიგაციასთან, თანხმობის შემდეგ ფრენის შესრულებას იწყებს. გამოიკითხა ყველა პირი, ვისაც კომპანიასთან და ამ პროცესთან შემხებლობა ჰქონდა. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მეც ვიყავი გამოკითხვაზე, - განაცხადა მოლოდინაშვილმა.

კომპანიის წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე დაღუპულების ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.