კორპუსს, სადაც აფეთქება მოხდა ბუნებრივი აირი ორი დღე არ მიეწოდებოდა

21:41 05-31-2019
1358

თბილისში, ჭილაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსს, სადაც აფეთქება მოხდა, ბუნებრივი აირი ორი დღე არ მიეწოდებოდა.  როგორც „პრაიმტაიმს“ კორპუსში მცხოვრებლებმა განუცხადეს, გაზის მიწოდება კორპუსს აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე აღუდგა. მათივე თქმით,  კომპანია „ყაზტრანსგზმა“ მოსახლეობა გაზის ჩართვის შესახებ გააფრთხილა და მათ ამის შესახებ იცოდნენ. 

„ძალიან დიდი ხმა იყო, მთელი ჩარჩოები დაცვივდა.  მთელი კორპუსი გამოცვივდა, გაზი აფეთქდაო. იქ მაცხოვრებელ ორ ბიჭს თმებზე ცეცხლი ეკიდა. მინები ჩამსხვრეულია, ძალიან შეგვეშინდა. გუშინ გაზი გადაკეტეს, ალბათ, გაზი მოშვებული დარჩათ, როცა ჩაირთო, ალბათ ვერ გაიგეს. ყველას მოგვივიდა შეტყობინება, რომ ბუნებრივი აირი შეწყდებოდა, მაგრამ ისინი ქართველები არ იყვნენ და როგორც ჩანს, შეტყობინება ვერ წაიკითხეს„- ამბობენ მეზობლები.

როგორც „პრაიმტაიმის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აფეთქება, ღიად დარჩენილი ონკანიდან გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა, რის შედეგადაც ჩამსხვრეულია მინები. აფეთქების შედეგად კორპუსის სხვა საცხოვრებელი სახლები არ დაზიანებულა და არც მეზობლები დაშავებულან. ბინაში სამი მამაკაცი  ქირით ცხოვრობდა. მათ, სხეულის დამწვრობა მიიღეს და გადაყვანილი არიან სამედიცინო ჰოსპიტალში. 

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების სამსახური და „ყაზტრანსგაზის“  წარმომადგენლები.

 როგორც „პრაიმტაიმს“ „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენელმა უთხრა, კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა.   ზარი კი, კომპანიაში აფეთქების შემდეგ შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ  კორპუსის მცხოვრებლებს მანამდე გაზის სუნი არ უგრძვნიათ.

აფეთქებაზე განცხადებას „ყაზტრანსგაზი“ ავრცელებს. კერძოდ, კომპანიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ ღიად დატოვებული გაზქურის ონკანი გახდა.

„აფეთქების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ცხელ ხაზზე შეტყობინება 18:41 წუთზე შემოვიდა. კომპანიის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დადგინდა, რომ აღნიშნული კორპუსი გაზის დიდი რაოდენობით დაგროვების გამო ძლიერ აფეთქებას გადაურჩა. მეზობლების განცხადებით აღნიშნული ბინა გაქირავებული იყო. დაშავებულია სამი ადამიანი რომლებსაც მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ. დამატებითი დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მგომარეობაში და უყურადღებოდ. ამით საფრთხეს უქმნით, თქვენი ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორი:თაკო ტომარაძე