ვლადიმერ პუტინი ბირთვული რაკეტების ამკრძალავ შეთანხმებას ტოვებს

12:14 05-31-2019

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის დუმას კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც საშუალო-დიაპაზონის ბირთვული რაკეტების შესახებ შეთანხმებიდან გასვლას ითვალისწინებს. საუბარია ამერიკის შეერთებულ შტატებთან 1987 წელს გაფორმებულ ორმხრივ დოკუმენტზე, რომელიც საშუალო და მოკლე მანძილიანი რაკეტების ლიკვიდაციას მოიცავს.

ამ შეთანხმების შესრულება რუსეთმა მარტში შეწყვიტა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი ამავე დოკუმენტის პირობების შესრულებაზე უარი თებერვალში განაცხადა. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ რუსეთი შეთანხმებას 2014 წლიდან არღვევს. ამ ბრალდებას მოსკოვი უარყოფს.

რუსეთის წინააღმდეგ ბრალდებები 2 დღის წინაც გავრცელდა. აშშ-ს თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა რობერტ ეშლიმ განაცხადა, რომ მოსკოვი სავარაუდოდ შეთანხმებას არღვევს და არქტიკაში ბირთვულ ცდებს ატარებს. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მხრიდან ბირთვული არსენალის მნიშვნელოვან ზრდას ელოდება, რაც უახლოესი 10 წლის განმავლობაში მოხდება.

ავტორი: მარიამ გიგანი