ინტერნეტი ყველას! - ილონ მასკმა კოსმოსში 60 ინტერნეტ სატელიტი წარმატებით გაუშვა

10:57 05-24-2019
6

ინტერნეტი, რომელიც მთელს პლანეტაზე დაიჭერს და ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი - ილონ მასკმა მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო.

კომპანია SpaceX-მა დედამიწის ირგვლივ, ორბიტაზე, 60 ინტერნეტ-სატელიტი წარმატებით გაუშვა. სატელიტები კოსმოსში Falcon-9 რაკეტით, ფლორიდის შტატიდან გამთენიისას გაამგზავრეს.

სატელიტებს, რომლებიც ილონ მასკმა ორბიტაზე განათავსა, დედამიწაზე მაღალი სიჩქარის ინტერნეტის უწყვეტი მიწოდება შეუძლია.

ილონ მასკი, ტექნოლოგიური სამყაროს ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, მიზნად ისახავს კოსმოსური მეგა-ქსელის დამკვიდრებას, რომელიც ჩვენი პლანეტის ყველა წერტილში ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს.

მასკის მიერ შექმნილ ქსელს Starlink ჰქვია. დროთა განმავლობაში, იგი 12 000-მდე სატელიტის დამატებას გეგმავს, რომლებიც დედამიწასთან მაქსიმალურად ახლოს განლაგდებიან და ინტერნეტზე წვდომისას ხარვეზებს მინიმუმამდე დაიყვანენ. 

 

 

ავტორი: მარიამ გიგანი