ბახტაძე ქობულიაზე - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ნაწყენი კაცი ლაპარაკობდა, ობიექტურობა არავინ უნდა დაკარგოს

20:59 05-23-2019
22

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი განაწყენებული პოზიციიდან ლაპარაკობს. 

მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციაში გიორგი ქობულიას შესახებ საუბარი დაიწყო ფრაზით, რომ ობიექტურობის განცდა არავინ არ უნდა დაკარგოს. მან თქვა, რომ ქობულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტია და არაერთი დარგის განვითარების ხედვების ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა, თუმცა მეორეს მხრივ, კვლავ გაიმეორა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში მთავრობის ამოცანებს ქობულია ვერ მოერგო. 

„ჩვენ გვაქვს ორწლიანი გეგმა და დაახლოებით 27 მილიარდის მოცულობის ბიუჯეტი ამ ორ წელში. ეს არ არის საკმარისი ყველა პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა სწრაფი გადაწყვეტილებებით შესაძლებელია ბევრი საკითხი გადავჭრათ, მოკლე ვადებში მივაღწიოთ შედეგს. მთავრობის წევრს, იმ პოზიციაზე, რომელზეც გიორგი ქობულია იყო აუცილებლად უნდა ქონდეს სოციალური რეალობის ადეკვატური აღქმა. მისი განცხადებები მოვისმინე. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ განაწყენებული ადამიანის სიტყვები იყო, ამიტომ ვამბობ, რომ ობიექტურობის განცდა არ უნდა დავკარგოთ,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადაყენების მიზეზად ოფიციალურად სწორედ უწყების მაღალ ტემპში მუშაობის საჭიროება დასახელდა. თავის მხრივ, ქობულია მთავრობას სწორედ გადაწყვეტილებების, ნებართვების გაცემის გაჭიანურებაში, ინვესტორებთან მუშაობის ეფექტური მექანიზმების არარსებობაში, ამასთან საჯარო მოხელეების კვალიფიციურობის ზრდის გეგმის არარსებობის გამო აკრიტიკებს.