Exclusive "ვიცოდით, რომ ეს არ იქნებოდა ადვილი" - ფილმს გეების სიყვარულზე კანში წარმატება მოჰყვა

18:40 05-23-2019
1153

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ - ქართულ-შვედურ ფილმს, რომელიც გეების სიყვარულზეა, კანის კინოფესტივალზე წარმატება მოჰყვა. ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ დარბაზში ოვაციები კარგა ხანს არ წყდებოდა. ამერიკულმა გამოცემამ, ჭ, 2019 წლის კანის კინოფესტივალის ყველაზე ნიჭიერი ვარსკვლავები დაასახელა. კინოინდუსტრიის ისეთ ცნობილ წარმომადგენლებს შორის, როგორებიც არიან - უილიამ დეფო, ბრაის დალას ჰოვარდი, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ, ვერნერ ჰერცოგი, ბილ მიურეი და რობერტ პატინსონი, ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც გვხვდება.

ფილმის მთავარ როლში ლევან გელბახიანი და ბაჩი ვალიშვილი არიან. ორივე დებიუტანტები არიან კინოში. ბაჩი პროფესიით მსახიობია, ლევანი მოდერნ ბალეტის მოცეკვავე.

ფილმის კადრი ჟურნალ „სქრინის“ გარეკანზე დაიბეჭდა და მთელ ფესტივალს მოედო. 

როგორც ფესტივალზე დამსწრე ჟურნალისტები ამბობენ, ფილმი სკანდალური ნამდვილად ყოფილა თავისი თამამი სცენებით. ჰომოსექსულური ურთიერთობის მიღმა  ქართულ-შვედურ კო-პროდუქციაში ჩვენი რეალობის ამსახველ პრობლემებს ვაწყდებით - იგივე ჭორიკანა მზვერავ მეზობლებს, ოჯახის წევრების მიერ კონტროლს, დამკვიდრებულ კლიშეებს... 

width=600

ბაჩი ვალიშვილი: - ვნერვიულობდი, თუმცა არა ფილმის თემატიკის გამო. რასაც ვაკეთებდით თბილი და პოზიტიური იყო. იმდენად პროფესიონალური გარემო იყო, რომ თამამი სცენებიც ჩვეულებრივ გადავიღეთ. 

ლევან გელბახიანი: - კანის კინოფესტივალზე ვარ, ფილმის მსოფლიო პრემიერაზე, ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს. ბევრი ვისწავლე, გავიზარდე. უამრავი დადებითი ემოცია მივიღე, ფანტასტიურ ხალხთან ერთად ვმუშაობდი, ბევრი მეგობარი შევიძინე. დედა თავიდან ნერვიულობდა, გიღირს? ხომ  იცი, ფილმის სიუჟეტს რაც მოჰყვება საზოგადოებისგანო.  

ფილმის რეჟისორია წარმოშობით ქართველი შვედი რეჟისორი ლევან აკინი. ამ სიუჟეტის ფილმზე რომ ემუშავა, შთაგონების წყარო 17 მაისი გახდა.  კანის ფესტივალზე ფილმის მსოფლიო პრემიერაც სწორედ 17 მაისს შედგა. როგორც ამბობენ, ფილმი უფრო ჰომოსექსუალების მხარდაჭერაა, ვიდრე ქართული რეალობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი.

width=600

ლალი მიხელიძე (ლევან გელბახიანის დედა): - ის, რაც ლევანის წარმატების გაგებისას დამეუფლა, მაგ ემოციის გადმოცემა შეუძლებელია. ალბათ, ასტრალში ვიყავი გასული. ეს იყო დიდი წარმატება ლევანისაც და ასევე წარმატება სხვა აზროვნების ხალხზე. 

- უფრო კონკრეტულად?

- ამ ფილმის შემფასებლები ორად გაიყო - დადებითად და უარყოფითად. ცუდად ვინც იყო განწყობილი, სწორედ მათზე გამარჯვებაცაა ლევანის ასეთი წარმატება. მე ფილმი არ მინახავს, მაგრამ მისი თემა მხოლოდ გეითემა არ არის. ის ჩვენს დღევანდელ პრობლემებზეა. თუმცა ჰომოსექსულიზმის თემა ხაზგასმულია. ლევანს არც თავის თავზე და არც თავის წარმატებაზე საუბარი არ უყვარს. ამ ყველაფერს სხვისგან ვიგებ. 15 წუთი აპლოდისმენტები იყო ჩვენების შემდეგ, ტრიუმფალური ჩვენება შედგა.

width=600

- ლევანის პატრნიორ მსახიობს იცნობთ?

- ბაჩის არ ვიცნობ, მაგრამ ლევანისგან ვიცი, ძალიან ნიჭიერი ბიჭია. რაც შეეხება რეჟისორს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ უცხოვრია, ძალიან უყვარს საქართველო და ჩვენი ტრადიციები. 

- ლევანი როგორ მოხვდა ფილმში?

- რეჟისორმა „ისტაგრამზე“ ნახა ფოტოები და ცეკვის კადრები. დაუკავშირდნენ და როლი შესთავაზეს. 

- ოჯახში განიხილეთ, ეთამაშა თუ არა გეის როლი?

- განვიხილეთ, ვიცოდით, რომ ეს არ იქნებოდა ადვილი, თუმცა შევჯერდით, რომ მასში მონაწილეობა კარგი გადაწყვეტილება იყო. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე