თამარ ჩუგოშვილი - სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ითვლება, რომ ნაადრევი ქორწინება ოჯახის საქმეა და არა სახელმწიფოსი

12:57 05-23-2019
115

„სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ითვლება, რომ ნაადრევი ქორწინება ოჯახის საქმეა და არა სახელმწიფოსი, მაგრამ ეს ტრაგედია ძალიან კარგად გვაჩვენებს რომ ეს ასე არ არის!“ - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი სოფელ აღაიანში მომხდარ ტრაგედიას, სადაც 16 წლის დედამ, 7 თვის ჩვილი მოკლა. თამარ ჩუგოშვილმა იმ ფატალურ შედეგებზე ისაუბრა, რომელიც ნაადრევ ქორწინებას მოაქვს. 

„ძალიან ტრაგიკული შემთხვევაა და რთულია ამაზე საუბარი. ნაადრევი ქორწინება წარმოადგენს ძალიან დიდ პრობლემას ჩვენს ქვეყანაში. მართალია ასეთი ტრაგიკული დასასრული ჯერ არ გვქონია, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ გვაიძულებს ყველას, დამატებით ყურადღება მივაქციოთ ნაადრევი ქორწინების თემას. ვფიქრობ ბევრი რამ კეთდება იმისთვის რომ სკოლებს, შესაბამის უწყებებს, საზოგადოებას ჰქონდეს ადეკვატური აღქმა თუ რატომ არ ეს პრობლემა. სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებაში ითვლება, რომ ნაადრევი ქორწინება ოჯახის საქმეა და არა სახელმწიფოსი, მაგრამ ეს ტრაგედია ძალიან კარგად გვაჩვენებს რომ ეს ასე არ არის!- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში დედამ 7 თვის შვილი გაგუდა და სახლიდან გაიქცა.

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება ინფორმაცია ბრალდებულის შესახებ. ის გახლავთ 16 წლის მ.შ, რომელიც სამართალდამცავებმა ფაქტიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს.

ასევე ცნობილია, რომ ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ამბობს:

„ტკივილი მინდოდა მიმეყენებინა, უფრო მეტად ჩემი თავისთვის“.

მომხდარზე გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.